ირაკლი კობახიძე - ევტუშენკოვი არის ჯო ბაიდენის ოჯახის ბიზნესპარტნიორი, რის გამოც ამერიკამ მასზე სანქციები არ გაავრცელა, თუ დავით ხიდაშელიც ბაიდენის ბიზნესპარტნიორია, ეს მისი საქმეა
ევტუშენკოვი არის ჯო ბაიდენის ოჯახის ბიზნესპარტნიორი და ამის გამო ამერიკამ მასზე სანქციები არ გაავრცელა, თუ ხიდაშელიც ბაიდენის ბიზნესპარტნიორია, ეს მისი საქმეა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, კონგრესსა და სენატში საუბრობენ იმაზე, რომ ევტუშენკოვი ბაიდენის პარტნიორია.
„ევტუშენკოვი არის ბაიდენის პარტნიორი. მთელმა მსოფლიომ იცის, პირდაპირ კონგრესსა და სენატში საუბრობენ ამაზე. ევტუშენკოვი არის ჯო ბაიდენის ოჯახის ბიზნესპარტნიორი და ამის გამო ამერიკამ მასზე სანქციები არ გაავრცელა. თუ ხიდაშელიც ბაიდენის ბიზნესპარტნიორია, ეს მისი საქმეა, მაგრამ რა შუაში ვართ ჩვენ, რატომ უნდა გავცეთ ამ კითხვებს პასუხი? არანირი პრობლემა არ მაქვს, თუ დავით ხიდაშელი არის ბაიდენის ბიზნესპარტნიორი. ევტუშენკოვი მუდმივად გინდათ, გამოიყენოთ სპეკულირებისთვის, ეს კაცი არის ჯო ბაიდენის ოფიციალური ბიზნესპარტნიორი და ამის გამო ამერიკამ ოფიციალურად არ დაუწესა სანქციები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, თუ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტი აშენდება. მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ანაკლიის პორტისთვის ინვესტორი მოიძიოს.
„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუ ღრმაწყლოვანი პორტი აშენდება ანაკლიაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ თავის დროზე კონსტიტუციაშიც კი გავაკეთეთ შესაბამისი ჩანაწერი. ბუნებრივია, ამ პროექტს სერიოზული ეკონომიკური მნიშვნელობა ექნება, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ინვესტორის მოძიება ანაკლიის პროექტისთვის და ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება საკითხს, არის თუ არა ბიზნესმენი დავით ხიდაშელი დაინტერესებული ანაკლიის პორტით, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
„არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ამ თემასთან დაკავშირებით. რა შუაშია ხიდაშელი, ბაიდენი ან ევტუშენკოვი? სამართლებრივად როგორც არის გათვალისწინებული, გამოცხადდება შესაბამისი პროცედურები, იქნება ეს ტენდერი თუ რაც ჰქვია, და ამის საფუძველზე მოიძებნება ინვესტორი. არცერთი გვარი ამასთან კავშირში არ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.