ირაკლი კობახიძე - ევროსაბჭო აქტიურად მუშაობს, რათა საქართველოს ინტერესები სათანადოდ იყოს გატარებული, მზადდება სპეციალური სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის
ირაკლი კობახიძე - ევროსაბჭო აქტიურად მუშაობს, რათა საქართველოს ინტერესები სათანადოდ იყოს გატარებული, მზადდება სპეციალური სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის

მარია ბურიჩმა დადებითად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რომლებიც, მათ შორის, უკავშირდება 12 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია ბურიჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, ძალიან მეგობრული. შევეხეთ ყველა თემას, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობასთან, ურთიერთობებთან, ჩვენი დელეგაციის მუშაობასთან. ევროსაბჭო ძალიან აქტიურად მუშაობს, რათა საქართველოს ინტერესები იყოს სათანადოდ გატარებული. მზადდება სპეციალური, რამდენიმეწლიანი სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის, რაშიც აქტიურად არის ჩართული გენერალური მდივანი. შევეხეთ ყველა ასპექტს იმ თანამშრომლობისა, რომელიც არის დაკავშირებული ჩვენს ურთიერთობებთან. ასევე, მიმოვიხილეთ საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესები, ვისაუბრეთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ყველა იმ თემაზე, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა. ქალბატონმა ბურიჩმა დადებითად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რომლებიც, მათ შორის, უკავშირდება 12 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულებას და ასევე გამოთქვა მხარდაჭერის სურვილი ყველა შემდგომ რეფორმასთან დაკავშირებით, რაც, მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციასთან არის დაკავშირებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ დადებითი გზავნილის მიღება ქალბატონი ბურიჩისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.