ირაკლი კობახიძე - „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ნაბიჯები ერთმნიშვნელოვნად პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობაა
ირაკლი კობახიძე - „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ნაბიჯები ერთმნიშვნელოვნად პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, არ დაესწრონ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას პარლამენტში პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობად აფასებს.

ამის შესახებ მან განცხადება პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც „ევროპული საქართველოს“ წევრებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.

„ეს ნაბიჯი, ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ნაბიჯი, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობა.  გახსოვთ თქვენ, ეს პოლიტიკური ძალები გვესაუბრებოდნენ წლების განმავლობაში ინსტიტუტის პატივისცემაზე. ერთმნიშვნელოვნად ეს არის, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით გამოდის. გამოსვლას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის წევრები, სასულიერო პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

სხდომათა დარბაზი დატოვეს „ევროპული საქართველოს“ წევრებმა. განცხადება სხდომის დაწყებისას დეპუტატმა გიგა ბოკერიამ გააკეთა.

ამასთან, „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებმა გუშინ განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და სხდომას არ დაესწრებიან.