ირაკლი კობახიძე - „ევროპულ საქართველოს“ პარლამენტში შესვლაზე რანაირად უნდა ესაუბრო, როცა მაინც ვერ შედის, საქმე გვაქვს ერთგვარ ნონსენსთან, იგივე ეხება სააკაშვილსაც
„ევროპულ საქართველოს“ პარლამენტში შესვლაზე რანაირად უნდა ესაუბრო, როცა მაინც ვერ შედის, საქმე გვაქვს ერთგვარ ნონსენსთან, იგივე ეხება სააკაშვილსაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ოპოზიციასთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განუცხადა.
კობახიძის თქმით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ორი წაგებული მხარეა – „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“.
„იქ ზღვარი გაივლება პოლიტიკურ პარტიებს შორის. ძირითადად ორი პოლიტიკური ძალაა, ვინც ამ არჩევნების „ლუზერია“, ანუ ამ არჩევნებში წაგებული მხარე. „ევროპულ საქართველოს“ პარლამენტში შესვლაზე რანაირად უნდა ესაუბრო, როცა პარლამენტში მაინც ვერ შედის. საქმე ერთგვარ ნონსენსთან გვაქვს. „ევროპული საქართველო“ პარლამენტში მაინც ვერ შედის და ჩვენ უნდა ვუმტკიცოთ, რომ გინდა თუ არა პარლამენტში უნდა შემოვიდნენ. არც პოლიტიკური ინტერესი გვაქვს და ზოგადად ნონსენსია იმ პარტიის პარლამენტში შემოსვლა, რომელიც პარლამენტში მაინც ვერ შემოდის.
იგივე ეხება სააკაშვილსაც. სააკაშვილი მაინც ვერ შემოდის იქ, სადაც შემოსვლა უნდოდა. ეს არის ძალაუფლების და იმ სადიზმის დაბრუნება, რასაც ცხრა წლის განმავლობაში ეწეოდა. რაზე უნდა ველაპარაკოთ სააკაშვილს ან ბოკერიას?! ვერაფერზე, მაგრამ იქ არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამ არჩევნებში გამარჯვებული მხარეა. შესაბამისად, მათთან საუბარს აზრი აქვს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ზღვარი გაივლება. ვინც იმ მხარესაა პარლამენტში არ უნდა შემოვიდნენ, ვინც მეორე მხარესაა, უნდა შემოვიდნენ.
ჩვენ არსად არ გვეჩქარება, მილიონი მანევრი გვაქვს. იმათ იჩქარონ. აქედან გამომდინარე, ჩვენ კნსულტაციებს დაველოდებით პირველ რიგში, ელჩებთან. როცა გაჩნდება იმის საშუალება, რომ ჩვენ მეხუთე რაუნდის ფარგლებში შევიკრიბოთ, შევიკრიბებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, პარლამენტში რამდენი ოპოზიციონერი დეპუტატის შესვლის იმედი აქვს, კობახიძემ უპასუხა, რომ საკანონმდებლო ორგანოში რადიკალური ოპოზიციის ნაწილი არ უნდა შევიდეს.
„ოპოზიციაში არის რადიკალური ფრთა, რაც ალბათ, დაახლოებით 20-25 დეპუტატია. არ დამითვლია და არ ვიცი. დანარჩენი კი ვინც ასეთი რადიკალი არ არის, აქ ზღვარი უნდა გაევლოს. ნახევარი უნდა შემოვიდეს, ნახევარი არ უნდა შემოვიდეს. ეს ქართული დემოკრატიისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.