არავინ ინტერესდებოდა რეალურად კანონპროექტების შინაარსით, თავიდან ბოლომდე წარიმართებოდა ზედაპირული, სიცრუეზე აგებული კამპანია იარლიყების მიკერებით, სტიგმატიზაციით, რასაც არაფერი საერთო არ ჰქონდა სინამდვილესთან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
მისი თქმით, როგორც ქართული, ისე კანონპროექტის ამერიკული ანალოგის მიმართ რადიკალური ოპოზიცია სიცრუეზე აგებულ კამპანიას აწარმოებდა.
„მადლობას ვუხდი ყველა პარლამენტარს, რომელმაც, ზეწოლისა და მუქარის მცდელობის მიუხედავად, მხარი დაუჭირა ამ კანონპროექტს. როგორც ქართული, ისე ამერიკული კანონპროექტის მიმართ რადიკალურ ოპოზიციას და მის მედიასაშუალებებს ფართოდ ჰქონდათ გაშლილი სიცრუეზე აგებული კამპანია. თავიდან ბოლომდე სიცრუეზე დაყრდნობით ცდილობდნენ, კანონპროექტებისთვის რუსული კანონის იარლიყი მიეკერებინათ. გარდა ამისა, ვრცელდებოდა უამრავი სიცრუე, რომ ამ კანონპროექტით აგენტებად გამოცხადდებოდნენ, მაგალითად, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები, შეიზღუდებოდა მათი საქმიანობა, საუბარი იყო რაღაც შშმ პირთა მიმართ უზრუნველყოფაზე და ამის შეზღუდვაზე, სოფლის მეურნეობის პროექტების გაჩერებაზე. საუბარი იყო სტუდენტებისთვის „აგენტის“ წოდებაზე, რომლებიც იღებენ დაფინანსებას უცხოეთიდან. ეს ყველაფერი არის მარტივი, მტკნარი სიცრუე, რაც მარტივად დასტურდება ელემენტარულად ამ კანონპროექტის შინაარსის გაცნობით. თუმცა, თქვენ ხედავთ, რომ არავინ ინტერესდებოდა რეალურად ამ კანონპროექტების შინაარსით. თავიდან ბოლომდე წარიმართებოდა ზედაპირული, სიცრუეზე აგებული კამპანია იარლიყების მიკერებით, სტიგმატიზაციით, რასაც არაფერი საერთო არ ჰქონდა სინამდვილესთან. ეს ყველაფერი არის ტყუილი. ჩვენ ამასთან დაკავშირებით ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას, ბუნებრივია, საზოგადოებას“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, სინამდვილეში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს – ეს არის უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამეწარმეო იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების საქმიანობის გამჭვირვალობა.
კობახიძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება შეიძლება, ჰქონდეს მხოლოდ მას, ვისაც რაღაც მნიშვნელოვანი აქვს დასამალი.
„ეს ერთადერთი საკითხი, რაც წესრიგდება ამ კანონპროექტით, ქართული კანონის თანახმად, უნდა შეიქმნას რეესტრი, რომელშიც აისახება ყველა ამგვარი ორგანიზაციის შემოსავლებისა და ხარჯების ყოველწლიური ანგარიში. ეს არის ერთადერთი რამ, რასაც ითვალისწინებს ჩვენ მიერ მიღებული კანონპროექტი.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება შეიძლება, ჰქონდეს მხოლოდ იმას, ვისაც რაღაც მნიშვნელოვანი აქვს დასამალი.
ვფიქრობ, საზოგადოების ინტერესებშია, იცოდეს, ვისი დაფინანსებით ცდილობენ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგალითად, ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის დასუსტებას, მაგალითად, აგინებენ ეკლესიას, ვისი დაფინანსებით აყალბებენ არჩევნების პარალელური ხმის დათვლის შედეგებს, სცენიდან ითხოვენ მთავრობის გადადგომას და ა.შ. ასეთი ფაქტების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და, მგონი, საზოგადოებისთვის საინტერესოა, ვის მიერ ფინანსდებიან, რა დაფინანსებით მოქმედებენ შესაბამისი ორგანიზაციები, ეკლესიის მაგინებლები, მთავრობის გადადგომის მომთხოვნი სუბიექტები და ა.შ.
როდესაც იქნება უზრუნველყოფილი ამ ყველაფრის გამჭვირვალობა, ბუნებრივია, მაშინვე ამას ექნება პრევენციული ეფექტი და ელემენტარულად მოხდება უარის თქმა თუნდაც დაფინანსებაზე ისეთი ორგანიზაციებისა, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან ქვეყნის ინტერესებს და ეკლესიის ინტერესებს და ყველაფერ იმას, რასთანაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის იდენტობა“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება იყო სერიოზული დარტყმა „ნაციონალური მოძრაობისთვის“.
„აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის ის ისტერიკა, რომლითაც რადიკალური ოპოზიცია ჩვენს გადაწყვეტილებას შეხვდა. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც შეამცირებს რადიკალიზმს და ე.წ. პოლარიზაციას ქართულ პოლიტიკაში, ხელს შეუწყობს პოლიტიკური პროცესების სტაბილურ განვითარებას და არავის მისცემს მშვიდობის დარღვევის საშუალებას.
ჩვენ გაგებით ვეკიდებით ყველა იმ ადამიანის წუხილს, რომელსაც მასშტაბური დეზინფორმაციის გამო კანონპროექტის შესახებ მცდარი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა. მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში მივაწოდოთ მათ დეტალური ინფორმაცია კანონპროექტის შინაარსისა და ამოცანების შესახებ. კანონპროექტის მიღებით დაზარალებული ერთადერთი მხარე არის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც მასთან დაკავშირებული „ენჯეოების“ ფინანსების გასაჯაროება მოუწევს. შესაბამისად, როგორც უკვე ითქვა, ეს კანონი უზრუნველყოფს რადიკალიზმის შემცირებას ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ქვეყნის ევროპულ კურსთან კანონპროექტის დაკავშირება არის ყველაზე მძიმე დეზინფორმაცია, რაც კი ამ დღეებში გაჟღერდა.
„ევროპა ნიშნავს სწორედ რომ გამჭვირვალობას და დერადიკალიზაციას, რასაც ჩვენ მიერ მიღებული კანონპროექტი ემსახურება. ჩვენ აუცილებლად ვივლით წინ, ევროპისკენ და ამას გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ღირსების დაცვით.
როგორც ქართული, ისე ამერიკული კანონპროექტი დაუყოვნებლივ გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, საიდანაც სამართლებრივ დასკვნას, სავარაუდოდ, ივნისის პირველ ნახევარში მივიღებთ.
დღეს ვრცელდებოდა ამაზეც დეზინფორმაცია, თითქოს საბოლოოდ იყო მიღებული ეს კანონპროექტი ჩვენ მიერ. სინამდვილეში, მინიმუმ, სამი თვე დასჭირდება ვენეციის კომისიიდან დასკვნის მიღებას. ამის შემდეგ გაგრძელდება დისკუსია და, საბოლოო ჯამში, ჩვენ ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით მივიღებთ ამ კანონპროექტს“, – განაცხადა კობახიძემ.