ირაკლი კობახიძე - „ევროპის სოციალისტური პარტიის“ ვიცე-პრეზიდენტი კეზერაშვილის ტელევიზიიდან ახმოვანებს გზავნილს, რომ ჩვენი ქმედებები ამ პოლიტიკური ოჯახის წევრობასთან შეუთავსებელია, ეს მიუღებელია
„ევროპის სოციალისტური პარტიის“ ვიცე-პრეზიდენტი ერთვება კეზერაშვილის ტელევიზიაში, ევროპელი პენსიონერების მძარცველის ტელევიზიაში და იქიდან ახმოვანებს გზავნილს, რომ შეუთავსებელია ჩვენი კონკრეტული ქმედებები ამ პოლიტიკურ ოჯახში წევრობასთან, ეს მიუღებელია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დატოვოთ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსი.
„ეს გადაწყვეტილება მივიღეთ სწორედ იმის გამო, რომ, ჩვენი ხედვით, „ევროპის სოციალისტურ პარტიაში“ „ქართული ოცნების“ წევრობა კონტრპროდუქტიულ როლს ასრულებდა, სწორედ ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება დამკვირვებელი წევრის სტატუსის დატოვების თაობაზე. მართალია, სოციალისტებიდან ნაკლები ევროპარლამენტარი უჭერდა მხარს შესაბამის რეზოლუციებს, მაგრამ, მოგეხსენებათ, როგორ იყიდებოდა ეს ყველაფერი იმავე ქართულ საზოგადოებაში. ბევრად უფრო მძიმე იყო, როდესაც სოციალისტების ერთი მესამედი მხარს უჭირდა ჩვენ საწინააღმდეგო რეზოლუციებს, ვიდრე როდესაც იპიპი, მთელი თავისი შემადგენლობით გამოდიოდა ჩვენ წინააღმდეგ. ვიცით, რომ იპიპის წევრია „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, ახსნადი იყო პოლიტიკური კავშირის გამო მათი ეს პოზიცია. რაც შეეხება იმ ვითარებას, როდესაც აბსურდულ რეზოლუციას მხარს უჭერს სოციალისტების დიდი ნაწილი, ეს, რა თქმა უნდა, ხელს უშლიდა ჩვენს სწრაფვას ევროპისკენ და კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მივიღეთ გადაწყვეტილება ამ პოლიტიკური ოჯახის დატოვების თაობაზე, თუმცა თანამშრომლობა გაგრძელდება, მათ შორის, „ევროპის სოციალისტურ პარტიასთან“, მათ შორის, ამ პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, შესაბამისი ქვეყნების წარმომადგენლებთან. უბრალოდ, ეს თანამშრომლობა გაგრძელდება თანაბარ საწყისებზე, ისევე როგორც ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიასთან. გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ კანდიდატის სტატუსის ჭრილში იყო კონტრპროდუქტიული ჩვენი წევრობა ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში, ზუსტად ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება „ევროპის სოციალისტური პარტიის“ რიგების დატოვების შესახებ“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელია ის ფსევდოლიბერალური მიმართულება, რომელიც დღეს ერთგვარ წითელ ხაზად გასდევს „ევროპის სოციალისტური პარტიის“ საქმიანობას.
„როდესაც ხარ ევროპული პოლიტიკური პარტიის წევრი, მათგან ელოდები მხარდაჭერას, 2015 წლიდან ვართ ჩვენ ამ პოლიტიკური პარტიის წევრი, თქვენ თუ გაიხსენებთ მათი მხრიდან რომელიმე ხმამაღალ განცხადებას. თქვენ გახსოვთ იპიპის განცხადება, ისინი პირდაპირ კრიმინალებს უჭერენ მხარს, იმის გამო, რომ მათი პარტიის კრიმინალები არიან, ასეთ დროს, როდესაც „ქართული ოცნება“ არასდროს არ იღებს არავითარ ხმამაღალ მხარდაჭერას „ევროპის სოციალისტური პარტიის“ მხრიდან, ეს მიუღებელია ჩვენთვის.
ორი კრიტერიუმი გვექნება, ერთი, ეს არის ღირებულებითი თავსებადობა და მეორე, სათანადო პოლიტიკური ლოიალობა, მხარდაჭერა შესაბამისი ევროპული პარტიის მხრიდან, რაც არ გვქონდა „ევროპის სოციალისტური პარტიის“ შემთხვევაში და იმედი გვაქვს, რომ გამოჩნდება ევროპული ოჯახი, რომელთანაც ვიქნებით დაკავშირებული ორი ასპექტით – პოლიტიკური ლოიალობა და ღირებულებითი თავსებადობა“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება განსაკუთრებული მხარდაჭერა კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე, თუმცა ეს მხარდაჭერა მათი მხრიდან არ იყო უზრუნველყოფილი.
„ასეთ დროს, როდესაც ის პოლიტიკური პარტია სათანადოდ არ უჭერს მხარს შენი ქვეყნის სწრაფვას კანდიდატის სტატუტსზე, ეს ხელს უშლის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ეს იყო კიდევ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. მათი დამოკიდებულებაც იყო ჩვენთვის მიუღებელი.
ჩვენ არასდროს არ გვქონია ორმხრივი კომუნიკაციის პრობლემა, არიან კონკრეტული თანამდებობის პირები „ევროპის სოციალისტურ პარტიაში“, რომლებთანაც გვქონდა ყოველდღიური კომუნიკაცია. ძალიან მარტივად შეეძლოთ მათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება კონკრეტულ საკითხზე, თუმცა არ იყო არავითარი ორმხრივი კომუნიკაცია. ჩვენ საჯაროდ მოვისმინეთ განცხადება იმაზე, რომ მათთვის მიუღებელი იყო კონკრეტულ კონფერენციაში „ქართული ოცნების“ მონაწილეობა, შემდეგ მეორე განცხადება გაკეთდა და მესამე გამაოგნებელი იყო – „ევროპის სოციალისტური პარტიის“ ვიცე-პრეზიდენტი ერთვება კეზერაშვილის ტელევიზიაში, ევროპელი პენსიონერების მძარცველის ტელევიზიაში და იქიდან ახმოვანებს გზავნილს იმაზე, რომ შეუთავსებელია ჩვენი კონკრეტული ქმედებები ამ პოლიტიკურ ოჯახში წევრობასთან. როცა ჩვენ არა ორმხრივი კომუნიკაციის საფუძველზე, არამედ კეზერაშვილის ტელევიზიიდან ვიგებთ იმას, რომ რაღაც მათთვის მიუღებელია, ეს არის ჩვენთვის მიუღებელი“, – განაცხადა კობახიძემ.