ირაკლი კობახიძე - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს დელეგაციას წევრები დაემატება ოპოზიციიდან, ათი წევრით იქნება წარმოდგენილი
შეხვედრაზე ვისაუბრეთ ქართული დელეგაციის მუშაობის საკითხებზე ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში. ჩვენ გვაქვს კარგი პრაქტიკა და ჩვენი სურვილია, დელეგაცია კიდევ უფრო აქტიური გახდეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ რიკ დემსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ასევე განიხილეს ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხები, რაზეც მსჯელობა გაგრძელდება. კობახიძე ამბობს, რომ შიდა პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრისას განიხილეს, თუ როგორ სრულდება შარლ მიშელის დოკუმენტი და როგორ წარიმართება პოლიტიკური პროცესები.
„დელეგაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები დავიცვათ. ჩვენ ასევე რეგიონში მიმდინარე მოვლენებს შევეხეთ, მათ შორის საქართველოს პოტენციურ როლს და ამ მიმართულებით, პრეზიდენტისგან საინტერესო შეთავაზებები მოვისმინეთ.
ოკუპაციას შევეხეთ, კონკრეტული საკითხები იყო განხილული და მსჯელობა გაგრძელდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უშუალო დაკვირვების ქვეშ იყოს ის პროცესები, რაც წარიმართება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებების დაცვისა და სხვა საკითხებზე.
ასევე ვისაუბრეთ შიდა პოლიტიკურ მოვლენებზე, რამდენიმე საკითხზე გავამახვილეთ ყურადღება. საუბარი გვქონდა, თუ როგორ სრულდება შარლ მიშელის დოკუმენტი, როგორ წარიმართება პოლიტიკური პროცესები, როგორ არჩევნებს ველოდებით. საუბარი გვქონდა 5 ივლისზე და დეტალური ინფორმაცოა მივაწოდეთ ასამბლეის პრეზიდენტს. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ მწუხარება იმაზე, რაც მოხდა და დავგმეთ ძალადობა. დეტალები განვმარტეთ, რაც შეიძლება ყოფილიყო ამ ყველაფრის მიზეზი, მათ შორის, ძალადობის ვერაღკვეთის მიზეზი. მივაწოდეთ ინფორმაცია, როგორც წარიმართება გამოძიების პროცესი, რამდენი პირია დაკავებული, რამდენის მიმართ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე და ასე შემდეგ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს დელეგაციას წევრები დაემატება ოპოზიციიდან, ანუ, 10 წევრით იქნება ქართული დელეგაცია წარმოდგენილი და ამ თვალსაზრისით შეივსება.
რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს. მოუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნები არის თვითმმართველობის, იმედია, ფართოდ იქნებიან დამკვირვებლები წარმოდგენილი, მათ შორის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.