ირაკლი კობახიძე - ევროპის საბჭოს მინისტერიალთან დაკავშირებით ყველა დეტალი შეთანხმდება სათანადო წესით
ევროპის საბჭოს მინისტერიალთან დაკავშირებით ყველა დეტალი შეთანხმდება სათანადო წესით, მათ შორის გადაწყვეტილება იმაზე, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას ამ ღონისძიებაში, ბუნებრივია, ხელისუფლებას ექნება კონსულტაციები ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყველაფერი გადაწყდება საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე.
„ყველა საერთაშორისო ღონისძიება ასე იმართება. გახსოვთ ალბათ, 2016 წელს გაიმართა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში, სადაც მათ შორის, „ნაცმოძრაობის“ თანხმობით ჩამოსული იყვნენ რუსი დეპუტატები. იყო სამი დეპუტატი, რომელთა შორისაც ერთ-ერთი იყო სლუცკი, რომელსაც დარღვეული ჰქონდა კანონი ოკუპაციის შესახებ. მაშინ „ნაცმოძრაობამ“ მწვანე შუქი აუნთო იმ დეპუტატების ჩამოსვლას საქართველოში, რომელთაც დარღვეული ჰქონდათ კანონი. დღეს სწორედ ეს ადამიანები სპეკულირებენ ამ თემით. ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ სპეკულაციებისგან, ყველაფერი გადაწყდება ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა უმასპინძლებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრას მაისში.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, სხდომას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დაესწროს.