ირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტის რეზოლუცია ცალსახად იყო არა მარტო პრობლემური, არამედ პირდაპირ ხელყო ევროკავშირის ღირსება
ევროპარლამენტის რეზოლუცია ცალსახად იყო არა მარტო პრობლემური, არამედ ამ რეზოლუციამ პირდაპირ ხელყო ევროკავშირის ღირსება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.
„როდესაც უმრავლესობით გადის ასეთი რეზოლუცია ევროპარლამენტში, რომელიც არის ამ მასშტაბური ინსტიტუტის ერთ-ერთი მთავარი ორგანო, ეს არის სრული კატასტროფა. როდესაც ასეთ რეზოლუციაში საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილი და გვარამია უნდა გაუშვან და კეზერაშვილზე დევნა უნდა შეწყდეს, მეორე მხრივ კი ივანიშვილი უნდა დაისაჯოს, ეს არის ცალსახად ღირსებას მოკლებული რეზოლუცია“, – განაცხადა კობახიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა გავლენას მოახდენს აღნიშნული რეზოლუცია ევროკომისიის დასკვნაზე და საბოლოოდ, რა გადაწყვეტილებას ელოდება საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიისგან, შემდეგ კი ევროპული საბჭოსგან, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს რეზოლუცია დადებითი გადაწყვეტილების მიღებას არ წაადგება და პირიქით, ამ კუთხით კონტრპროდუქციულია.
მისი თქმით, საზოგადოებამ ნახა ოპოზიციის სიხარული ამ რეზოლუციის გამოქვეყნების შემდეგ, საიდანაც მარტივად ჩანს, რა არის მათი გეგმა და სცენარი.
„ერთადერთი, რაც მათ უნდათ, არის ის, რომ ჩვენ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და ამას მოჰყვეს არეულობა. აბსოლუტურად ყალბია მათი რიტორიკა, რომელიც თითქოს საპირისპიროზე მიანიშნებს“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებას აქვს ოპტიმისტური მოლოდინი და ამ ოპტიმიზმს ობიექტური საფუძველი აქვს.
„არის კონკრეტული გაზომვადი კრიტერიუმები და პარამეტრები, რომელთა მიხედვითაც, ჩვენ ყველგან ვუსწრებთ, როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას. რა თქმა უნდა, ეს გვიქმნის ოპტიმისტურ მოლოდინს, თუმცა მეორე მხარეა ის, რომ ეს არ იქნება ექსპერტული გადაწყვეტილება. იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს ევროკავშირი და ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება დაეფუძნება გაზომვად კრიტერიუმებს, თუ არ დაეფუძნება, თუ კრიტერიუმი იქნება მაგალითად, ის, რაც მაკრონმა თქვა, ვნახოთ“, – განაცხადა კობახიძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რაზე მიანიშნებს ემანუელ მაკრონის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო სხვა გეოგრაფიულ და გეოპოლიტიკურ სივრცეშია, რატომ აღარ ახსენებენ ევროპელი ლიდერები საქართველოს უკრაინა-მოლდოვასთან ერთად და ხომ არ ჩნდება „ასოცირებული ტრიოს“ დაშლის საფრთხე ბოლოდროინდელი გზავნილების გათვალისწინებით, კობახიძემ აღნიშნა, რომ 2005 წელს, როცა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სქემა იქმნებოდა, საქართველოს თავდაპირველად, სწორედ გეოგრაფიული მოტივით ეთქვა უარი, თუმცა შემდეგ საქართველო გახდა ამ სქემის შემადგენელი ნაწილი.
„სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც წამოვიდა ეს რიტორიკა გეოგრაფიასთან დაკავშირებით, რაც ძალიან სამწუხაროა. იმიტომ, რომ ამან შეიძლება, დღეს შეაფერხოს კანდიდატის სტატუსი და ხვალ შეაფერხოს წევრობა. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვერ შევცვლით, ეს არის გეოგრაფია და როდესაც ამაზე კეთდება აქცენტი, ეს არის ძალიან სამწუხარო და ალბათ, მძიმე მოსასმენია საზოგადოებისთვის. იმიტომ, რომ გეოგრაფია არის არა ის, რაც ჩვენ ავირჩიეთ, არამედ ის, რაც ჩვეულებრივი ფიზიკური მოცემულობაა და ამაზე მინიშნება ძალიან მძიმეა, რადგან ხვალ შეიძლება, იგივე ვიღაცამ წევრობაზე თქვას, როცა საქმე-საქმეზე მიდგება. არ ვიცი, ეს რატომ გახდა ასეთი აქტუალური. მე არ ვიცი, ამის ახსნა გამიჭირდება. უნდა ვკითხოთ თვითონ ამ რიტორიკის ავტორებს. შეიძლება, მათ აქვთ რაღაც ობიექტური კრიტერიუმები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.