ირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტის არჩევნების საფუძველზე გამოჩნდა ერთგვარი დემოკრატიული კრიზისი, დარწმუნებული ვარ, ევროპა ამ კრიზისს საშუალოვადიან პერსპექტივაში გადალახავს
ევროპარლამენტის არჩევნების საფუძველზე გამოჩნდა კრიზისის ნიშნები, ეს არის ერთგვარი დემოკრატიული კრიზისი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ევროპა ამ კრიზისს საშუალოვადიან პერსპექტივაში გადალახავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ეს ყველას ინტერესებშია.
„რეალურად, იქნება გარკვეული ცვლილებები, თუმცა არსებითად გაგრძელდება მოვლენების განვითარება ისე, როგორც აქამდე ვითარდებოდა. ერთი, რაც შეიძლება ითქვას, გარკვეული კრიზისის ნიშნები გამოჩნდა ამ არჩევნების საფუძველზე, ეს არის ერთგვარი დემოკრატიული კრიზისი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ევროპა ამ კრიზისს საშუალოვადიან პერსპექტივაში გადალახავს. ეს არის ყველას ინტერესებში. ჩვენი ამოცანა, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით ყურადღებით ვაკვირდებით იმ პროცესებს, რომლებიც ევროკავშირში წარიმართება. რა თქმა უნდა, ყველას ინტერესებშია, მაქსიმალურად გაჯანსაღდეს პოლიტიკური პროცესები ევროკავშირში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.