ირაკლი კობახიძე - ევროკომისიის ანგარიშში საქართველო მთელი 12 ქულით უსწრებს მოლდოვას და თითქმის ყველა საკვანძო პარამეტრით - უკრაინას
ევროკომისიის შეფასება ადასტურებს, შარშან გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო მიღებული არა პოლიტიკური კუთხით, არამედ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ჩვენ აუცილებლად მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ობიექტური კრიტერიუმები ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ყველანაირად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი.
„რაც შეეხება შეფასებას, ეს შეფასება ადასტურებს რას? შარშან გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო მიღებული არა პოლიტიკური კუთხით, არამედ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ჩვენ აუცილებლად მივიღებდით კანდიდატის სტატუსს. ეს ცხადყო თავად ევროკომისიამ, როდესაც გამოაქვეყნა დღევანდელი ანგარიში. აქედან გამომდინარე, როდესაც წელს ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით უნდა მიიღოს, წესით, ევროპულმა კომისიამ და შემდეგ საბჭომ გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, უკვე ცხადია, რომ ალტერნატივაც აღარ არსებობს. არის წარმოდგენილი ობიექტური კრიტერიუმები და ეს ობიექტური კრიტერიუმები ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ყველანაირად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ანგარიშის შეფასებისას მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვნად, მთელი 12 ქულით უსწრებს მოლდოვას და თითქმის ყველა საკვანძო პარამეტრით უსწრებს უკრაინას.
„რაც შეეხება მოლდოვას და უკრაინას; მოლდოვას პრაქტიკულად ყველაფერში ვუსწრებთ, ნებისმიერი კრიტერიუმით, მათ შორის არის ე.წ. ფუნდამენტური საკითხები, რაშიც ყველგან წინ ვართ და ასევე არის შედარებით მეორეხარისხოვანი თემები, იქაც ვუსწრებთ მოლდოვას, ანუ მოლდოვას ყველაფერში ვუსწრებთ. ძალიან დიდია და თვალსაჩინოა ის სხვაობა, რაც არსებობს საქართველოსა და მოლდოვას შორის.
რაც შეეხება უკრაინას, უკრაინასთან დაკავშირებით გვესმის, რომ ქვეყანა არის ომის მდგომარეობაში და გარკვეულ სფეროებში მას სჭირდებოდა, ასე ვთქვათ, ხელის წაკვრა. რასაც ვხედავთ, მაგალითად, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში უკრაინა არის ჩვენზე წინ, ამის არ უნდა შეგვშურდეს. ბუნებრივია, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. ქვეყანა არის ომის მდგომარეობაში და ამის გამო გარკვეული შეღავათი მიიღო ქულებით შეფასებისას. ეს არც შურის საგანია და არც არაფრის. აქედან გამომდინარე, ყველაფერი არის დღესავით ნათელი. ჩვენ არა მარტო გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, არამედ ვართ ამ ქვეყნებზე წინ. აქედან გამომდინარე, თუ იქნება დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილება ევროკომისიისვე ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, საქართველოს აუცილებლად მიენიჭება დეკემბერში კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.