ირაკლი კობახიძე - ევროკომისიამ საკონსტიტუციო რეფორმას მაღალი შეფასება მისცა
„განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია, რომ დადებითად შეფასდა საკონსტიტუციო რეფორმა, ასევე ხაზი გაესვა, რომ ეს რეფორმა ეფუძნებოდა ისეთ პრინციპებს, როგორებიცაა დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო და ადამიანის უფლებების პატივისცემა. ეს არის ძალიან მაღალი შეფასება“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროკომისიის ანგარიშს, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება.
„მოხარული ვართ, რომ ევროკავშირმა პოზიტიური ანგარიში გამოაქვეყნა. აქ საუბარია სხვადასხვა მიმართულებაზე და აღნიშნულია წინსვლა, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას, როგორც დემოკრატიული განვითარების, ასევე ეკონომიკური განვითარების კუთხით.
ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია, რომ დადებითად შეფასდა ჩვენი საკონსტიტუციო რეფორმა. გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, ეს რეფორმა ეფუძნებოდა ისეთ პრინციპებს, როგორიცაა დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო და ადამიანის უფლებების პატივისცემა. ეს არის ძალიან მაღალი შეფასება და ეს მაღალი შეფასება არის იმის დამსახურება, რომ ჩვენ ძალიან ხარისხიანი დოკუმენტი შევქმენით, ისეთი კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას და თავიდან აგვაცილებს ავტოკრატიის ნებისმიერ საფრთხეს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.