ირაკლი კობახიძე - ევროკავშირში თუ არ უნდათ რუსეთის მოქალაქეები, ნუ მისცემენ ვიზებს, როგორ შეიძლება, საქართველოში ფრენები გახდეს რისკების საფუძველი
ევროკავშირში თუ არ უნდათ რუსეთის მოქალაქეები, ნუ მისცემენ ვიზებს, როგორ შეიძლება, საქართველოში ფრენები გახდეს რისკების საფუძველი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, რუსეთიდან საქართველოში დღეში ხუთი რეისი სრულდება.
„ერთ-ერთმა ელჩმა თქვა, ეშინიათ, რომ საქართველოს გავლით ბევრი რუსი შევა ევროკავშირში. ევროკავშირში რუსეთის მოქალაქის შესვლას სჭირდება ვიზა, თუ არ უნდათ რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირში, ნუ მისცემენ ვიზებს. რაც შეეხება იმას, რამდენად სარისკოა საქართველოში ფრენები რუსეთის მოქალაქეების ევროპაში გამგზავრების თვალსაზრისით – მარტივი სტატისტიკა რომ მოვიყვანოთ, მაგალითად, დღეში თურქეთში რუსეთიდან დაახლოებით 100 პირდაპირი რეისი სრულდება, აზერბაიჯანში – დაახლოებით 25, სომხეთშიც – დაახლოებით 25, ჯამში არის 150 რეისი. რაც შეეხება საქართველოს, დღეში სრულდება ხუთი რეისი. ახლა თავადაც შეგიძლიათ, განსაჯოთ, რა მასშტაბებზეა საუბარი. როგორ შეიძლება, საქართველოში ფრენები გახდეს რაღაცნაირად რისკების საფუძველი? ეს ხომ ცარიელი სპეკულაციაა, ტყუილებია. როგორ შეიძლება, ელჩი ასეთ რამეს კადრულობდეს ან ნებისმიერი პოლიტიკოსი, ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს უნდა უფრთხილდებოდეს. არ შეიძლება ასეთი ტყუილებით რაღაც პიარული სვლების დაგეგმვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.