ირაკლი კობახიძე - ევროკავშირში გამჭვირვალობის კანონს ვერ იღებენ, რადგან არ უნდათ იმავე კანონის მოქმედება საქართველოში, ეს არის ტრაგიკომიკური მოვლენა
ევროკავშირში გამჭვირვალობის კანონს ვერ იღებენ, რადგან არ უნდათ იმავე კანონის მოქმედება საქართველოში, ეს არის ტრაგიკომიკური მოვლენა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის სტრუქტურები არ არის სრულად დამოუკიდებელი და მათზე გავლენა გლობალური ომის პარტიას აქვს.
„ეს ღიმილისმომგვრელია, ტრაგიკული რომ არ იყოს. წარმოიდგინეთ, ევროკავშირმა დააინიცირა კანონპროექტი გამჭვირვალობის შესახებ, მიაჩნდა და დღესაც მიაჩნია, რომ ეს კანონი და „ენჯეოების“ გამჭვირვალობა ევროკავშირშიც არის მნიშვნელოვანი და გააჩერა ამ კანონის განხილვა ერთადერთი მიზეზით, რომ მერე ვეღარ მოსთხოვენ საქართველოს ამ კანონთან დაკავშირებით განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას.
წარმოიდგინეთ, სად არის ევროკავშირის კონკრეტული სტრუქტურა, რა მძიმე მდგომარეობაა და ამ მძიმე მდგომარეობას აქვს ერთადერთი მიზეზი, ეს არის ის გარე გავლენები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, სხვანაირად ამ კანონის განხილვა ევროკავშირში არ გაჩერდებოდა. თუმცა ევროკავშირის სტრუქტურები, სამწუხაროდ, არ არის სრულად დამოუკიდებელი, არის არსებითი გავლენა იმ ძალების მხრიდან, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალური ომის პარტიას და ასეთ პირობებში მათ უწევთ აბსოლუტურად არათანმიმდევრული გადაწყვეტილებების მიღება. მიაჩნიათ, რომ რაღაც კანონი არის მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის, მაგრამ ვერ იღებენ ამ კანონს, რადგან არ უნდათ, იგივე კანონის მოქმედება საქართველოში, ეს არის ტრაგიკომიკური მოვლენა“, – აღნიშნა კობახიძემ.