ირაკლი კობახიძე - ევროკავშირში დაწყებული იყო გამჭვირვალობის კანონის იდენტური კანონის მიღების პროცესი და გააჩერეს, ვერ იღებენ იმის გამო, რომ შემდეგ იმავე შინაარსის კანონის გახმობას ვეღარ მოგვთხოვენ
გამჭვირვალობის შესახებ კანონი ითვალისწინებს მექანიზმებს, თუ „ენჯეო“, ორგანიზაცია თვითონ არ ავსებს საკუთარ დეკლარაციას, ამ შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტროს შეუძლია, მოიძიოს ინფორმაცია და თავად შეავსოს მათ ნაცვლად დეკლარაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
პრემიერის თქმით, ქართულ საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, ვინ ცდილობს რევოლუციების მოწყობას ამ ქვეყანაში და სწორედ ამას ეძღვნება გამჭვირვალობის შესახებ კანონი.
„ერთი საინტერესო დეტალია, როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირში დაწყებული იყო იდენტური კანონის მიღების პროცესი, პრინციპები იყო ზუსტად იგივე და გააჩერეს. განმარტებითი ბარათი არის გამოქვეყნებული ოფიციალურად, სადაც წერია გაჩერების მიზეზი და იქ წერია ასეთი რაღაც, რომ ამ კანონს თუ მივიღებთ, ამ შემთხვევაში საქართველოსთან აღარ გვექნება მორალური უფლება, არსებული კანონის გამოხმობა მოვთხოვოთო. წარმოიდგინეთ, რა ხდება საერთოდ ევროკავშირის სტრუქტურებში, როგორია გავლენები, რომლებიც საერთოდ რევს ვითარებას ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებში. კანონი ჩათვალეს, რომ არის კარგი, მაგრამ ვერ იღებენ იმის გამო, რომ შემდეგ ჩვენ ვეღარ მოგვთხოვენ იმავე შინაარსის კანონის უკან გახმობას. წარმოუდგენელი რაღაცები ხდება, რაც ქართულმა საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს. ზოგადად, რაც ხდებოდა ამ კანონის გარშემო, ეს იყო საუკუნის აფიორა და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ საუკუნის აფიორაში ჩართული იყვნენ და დღემდე არიან ჩართული, მათ შორის, უცხოელები, მაღალი დონის დიპლომატები, პოლიტიკოსები. ასეთი აფიორები უნდა დასრულდეს ჩვენს ქვეყანაში. ქართულ საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, ვინ ცდილობს რევოლუციების მოწყობას ამ ქვეყანაში და სწორედ ამას ეძღვნება გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.