ირაკლი კობახიძე - ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი ჩვენც წარვადგინეთ, მოლდოვამაც და უკრაინამაც, სამივე ქვეყანა ინარჩუნებს გარკვეულ სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, ეს დასავლელი პარტნიორებისთვის ცნობილია
ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი ჩვენც წარვადგინეთ, მოლდოვამაც და უკრაინამაც. სამივე ქვეყანა ინარჩუნებს გარკვეულ სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან და მათ შორის არის უკრაინაც. საქართველო სანქციებს არ უერთდება, არც მოლდოვა. ეს დასავლელი პარტნიორებისთვის და ევროკავშირისთვის ცნობილია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სანქციებზე საქართველოს პოზიცია არის მკაფიო, ცხადი და საჯაროდ გაცხადებული.
„არგუმენტი არის ორი – ერთია უსაფრთხოება. არ გვინდა, დამატებითი საბაბი შევქმნათ იმისთვის, რაც ასე სურს ოპოზიციას და ეს არის საქართველოს ჩართვა ომში. ანუ, უსაფრთხოება არის ერთი არგუმენტი და მეორეა – ეკონომიკური არგუმენტები. არსებობს სავაჭრო ურთიერთობები და ამ სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტას ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მძიმე ზიანის მოტანა შეუძლია. ჩვენ რუსეთს ვერანაირ ზიანს ვერ მოვუტანთ, მაგრამ საქართველოს მოსახლეობისთვის ძალიან საზიანო იქნება ნებისმიერი ასეთი ცვლილება. არსებობს ენერგეტიკის სფერო, სადაც არის, როგორც გაზის, ასევე ელექტროენერგიის ნაწილში კონკრეტული ურთიერთობები და ამ ურთიერთობების შეწყვეტა ძალიან მძიმე იქნება ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. არის ასი ათასობით ადამიანი, რომელიც ცხოვრობს როგორც რუსეთში, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს ინარჩუნებს, თუმცა ამ ურთიერთობების განსაკუთრებულ გაფართოებაზე საუბარი არ და ვერ იქნება.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ეს საკითხი, როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკის ნაწილი მხედველობაში უნდა მივიღოთ. საკუთარ მოსახლეობას ვერ დავშლით და ვერ დავაზიანებთ იმ სანქციებით, რომლითაც ჩვენ რუსეთის ფედერაციას ვერანაირად დავშლით. რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს ვინარჩუნებთ ისევე, როგორც უკრაინა. ევროკავშირში გაზის 80 პროცენტი უკრაინის გავლით შედის და არა მხოლოდ შედის, არამედ რეიმპორტის სახით რუსული გაზი უკრაინას უკან უბრუნდება. ასეთ ვითარებაში მით უმეტეს გასაგებია, რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობებს რატომ ვინარჩუნებთ. სადაც უკრაინა ამ ურთიერთობებს ინარჩუნებს, იქ ლოგიკურია, რომ ბუნებრივია, ჩვენც ჩვენი ინტერესები გვაქვს. აქედან გამომდინარე, სანქციებთან დაკავშირებით პოზიცია ნათელია. ამ ურთიერთობების არავითარ რაღაც განსაკუთრებულ გაფართოებაზე საუბარი არ და ვერ იქნება, მაგრამ ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობებს შევინარჩუნებთ, იქიდან გამომდინარე, რომ სანქციებს არ ვუერთდებით“, – განაცხადა კობახიძემ.