ირაკლი კობახიძე - ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების ვიზიტი არ ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს
ირაკლი კობახიძე - ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების ვიზიტი არ ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს

ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტი არ ემსახურება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაქოში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დელეგაციის წევრთა ნაწილი პირდაპირ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში და უხეშად არღვევდა საარჩევნო პრინციპებს.

„ჩვენ თავი შევიკავეთ ამ ადამიანებთან შეხვედრისგან ერთი მარტივი მიზეზის გამო, ამ დელეგაციის წევრთა ნაწილი იყო პირდაპირ ჩართული საარჩევნო აგიტაციაში და თავად არღვევდა უხეშად საარჩევნო პრინციპებს. როდესაც ის ადამიანები გვესაუბრებიან არჩევნების ლეგიტიმაციაზე, რომლებიც თავად არღვევდნენ საარჩევნო პრინციპებს, ამას, პირველ რიგში, საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს. არ შეიძლება, შენ თავად არღვევდე საარჩევნო პრინციპებს, აკეთებდე ამას უხეში ფორმით და შემდეგ საუბრობდე, ხომ არ არის დარღვეული არჩევნების ორგანიზების დროს საარჩევნო პრინციპები. ასეთ ადამიანებთან შეხვედრა არ იყო მიზანშეწონილი. ამ დელეგაციაში არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც თავად არ არღვევდნენ საარჩევნო პრინციპებს, არ იყვნენ ჩართული საარჩევნო აგიტაციაში, თუმცა ყველა შემთხვევაში ამ ვიზიტის სულისკვეთება, სამწუხაროდ, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათ პირდაპირ ჰქონდათ საუბარი პრესკონფერენციაზე ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების ცვლილებაზე, ეს არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც უნდა ჰქონდეს ევროპელ პოლიტიკოსს სუვერენული ქვეყნის მიმართ. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ამ ვიზიტის მიმართ არის შესაბამისი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.