ირაკლი კობახიძე - ევროკავშირის მკაცრი რეკომენდაცია იყო, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი მიგვეღო, წინააღმდეგ შემთხვევაში, იყო მუქარა შემოქმედებითი ევროპის პლატფორმიდან გარიცხვაზე
ევროკავშირის მკაცრი რეკომენდაცია და დირექტივა იყო, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი მიგვეღო, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას შემოქმედებითი ევროპის პლატფორმიდან გარიცხვა ემუქრებოდა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა, ევროკომისიის წარმომადგენლებთან აღნიშნული კანონის დეტალებზეც იყო კონსულტაციები.
„მხოლოდ რეკომენდაცია კი არ იყო, გვრიცხავდნენ ამ პლატფორმიდან. ევროკომისიის წარმომადგენლებთან დეტალებზეც იყო კონსულტაციები. როცა აქ ოპოზიცია გამოდის და ამბობს, ჩვენ რაღაც გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად გვინდოდა, არ ვიცი, ამას ცირკის გარდა, რა შეიძლება დაარქვა? ევროკავშირმა მოითხოვა და მეტიც – დაგვემუქრა, რომ გაგვრიცხავდნენ შემოქმედებითი ევროპის პლატფორმიდან. ახლა ოპოზიციას ისე გამოჰყავს, თითქოს ჩვენ გვინდოდა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და კანონიც ამიტომ მივიღეთ. ამაზე სამარცხვინო რა უნდა იყოს?“ – განაცხადა კობახიძემ.