ირაკლი კობახიძე - ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა მთხოვეს, იქნებ პოლემიკა არ გაგრძელდეს ევროპარლამენტარებთან, არ იყო თავდასხმები, ჩვენი მხრიდანაც იყო ნული კომენტარი, აქედან ჩანს, რომ თავდასხმები მოდის იქიდან
ირაკლი კობახიძე - ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა მთხოვეს, იქნებ პოლემიკა არ გაგრძელდეს ევროპარლამენტარებთან, არ იყო თავდასხმები, ჩვენი მხრიდანაც იყო ნული კომენტარი, აქედან ჩანს, რომ თავდასხმები მოდის იქიდან

როდესაც ანა ფოტიგა ამბობს, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, ეს არის თავდასხმა, როცა გეუბნებიან, რომ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და ბიძინა ივანიშვილი უნდა დაისაჯოს, ეს არის თავდასხმა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, როდესაც გამოდის კონკრეტული ევროპარლამენტარი და თავს ესხმის ქვეყნის ინტერესებს, აკეთებს აბსურდულ განცხადებას, ამაზე პასუხის გაცემა საჭიროა.

„რაც შეეხება იმას, თუ რას ვაკეთებთ, ჩვენ როცა გვაქვს პოლემიკა ევროპელ პოლიტიკოსებთან, ეს ძირითადად ეხება ევროპარლამენტარებს. მე არ მახსენდება ჩვენი მხრიდან აღმასრულებელი შტოს წარმომადგენლების მიმართ რაიმე კრიტიკა. თქვენ გახსოვთ, ჩამოვიდა საქართველოში ევროკომისარი ვარჰეი, რომელიც არის პირდაპირი პასუხისმგებელი, მათ შორის კანდიდატის სტატუსის თემაზე ევროკავშირში და არ ესიამოვნათ მისი დადებითი შეფასება და მთელი ოპოზიცია თავს დაესხა ვარჰეის, იმის გამო, რომ მან დადებითად შეაფასა ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა. ჩვენი მხრიდან არც ერთხელ, ჩამოთვალეთ, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ბორელი, ვარჰეი, ვინც არიან პასუხისმგებელი ჩვენს თემებზე, თქვენ გახსენდებათ რომელიმე მძიმე შეფასება ჩვენი მხრიდან მათ მიმართ, მხოლოდ ევროპარლამენტარები.

გარდა ამისა, შეხვედრა მქონდა ერთ-ერთ მაღალი რანგის წარმომადგენელთან ევროკავშირიდან და მთხოვეს, რომ იქნებ პოლემიკა არ გაგრძელდეს ევროპარლამენტარებთან. იქვე მივეცი პირობა, რომ ჩვენი მხრიდან არ გაკეთდებოდა არცერთი განცხადება, თუ იქითა მხრიდან არ იქნებოდა თავდასხმა. დაახლოებით ორი თვე გაგრძელდა ეს ამბავი. შევახსენე კონკრეტულ ადამიანს და აღიარა, რომ ასე იყო. ჩვენ შევპირდით, თუ იქიდან არ იქნებოდა თავდასხმა, აქედან იქნებოდა ნული კომენტარი საერთოდ, ორი თვე გაგრძელდა ასე. იქიდან არ იყო თავდასხმები, ჩვენი მხრიდან იყო ნული კომენტარი, აქედან ჩანს, რომ თავდასხმები მოდის იქიდან. როდესაც გამოდის კონკრეტული ევროპარლამენტარი და თავს ესხმის ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, აკეთებს აბსურდულ განცხადებას, ჩვენ გვიწევს ამაზე პასუხის გაცემა.

როდესაც ანა ფოტიგა ამბობს, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, ეს არის თავდასხმა, როცა გეუბნებიან, რომ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და ბიძინა ივანიშვილი უნდა დაისაჯოს, ეს არის თავდასხმა. როცა გეუბნებიან, რომ საქართველოში არის არაფორმალური მმართველობა და ყველა დანარჩენი, ვინც ვართ ხელისუფლებაში, ვართ მარიონეტები, ეს არის სახელმწიფოზე თავდასხმა“, – განაცხადა კობახიძემ.