ირაკლი კობახიძე - ეუთო-ს რეზოლუციაში მოხვდა მთელი რიგი გაუგებარი ჩანაწერები, რაც დასანანი და სამწუხაროა
ამ რეზოლუციაში მოხვდა მთელი რიგი გაუგებარი ჩანაწერები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ეხებოდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, სახელწოდებით „ეუთო-ს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა“ საქართველოსთან დაკავშირებით შესწორებას.
კობახიძის თქმით, ეს ფაქტი ძალიან დასანანი და სამწუხაროა.
„ამ რეზოლუციაში მოხვდა მთელი რიგი გაუგებარი ჩანაწერები, რაც ძალიან დასანანია, ძალიან სამწუხაროა, თუმცა ეს არის არსებული მოცემულობა და არ მინდა, ამის იქით სიღრმეში შევიდე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
„ქართულმა ოცნებამ“ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიღებულ რეზოლუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: „ფორმულირება, რომელიც დაემატა პარაგრაფს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ, არის ზუსტად ის, რასაც რუსეთი ცდილობს, ჟენევის მოლაპარაკებებში ბოლო 16 წლის განმავლობაში მიაღწიოს – წარმოაჩინოს, თითქოს რუსეთი არ არის კონფლიქტის მხარე. ტექსტი შესწორებიდან: „თბილისის მიერ კონტროლირებული საქართველოს, აფხაზეთის და ოსეთის შერიგება საჭიროა“. პარაგრაფში ვკითხულობთ, რომ კონფლიქტში სამი მხარეა – უცნაური კონსტრუქციაა – თბილისის მიერ კონტროლირებული საქართველო, აფხაზეთი და ოსეთი“.
მმართველ გუნდში განმარტეს, რომ კომიტეტის ფარგლებში ეს ტექსტი დამტკიცდა, თუმცა საბოლოოდ მოახერხეს ყველას დარწმუნება, რომ არ შეიძლებოდა ასეთი ჩანაწერი რეზოლუციაში. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული ჩანაწერი რეზოლუციიდან ბოლო მომენტში ამერიკის დელეგაციის გადაწყვეტილებით გაწვეული იქნა.