საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, მიროსლავ ლაიჩაკს შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ კობახიძემ განაცხადა, შეხვედრაზე საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის, ასევე სლოვაკეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ეუთო-ს პრიორიტეტების შესახებ ისაუბრეს.
„განსაკუთრებული ყურადღება კონფლიქტზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე გავამახვილეთ. განსაკუთრებით იმ ვითარებაზე, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევის და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არის შექმნილი.
განსაკუთრებულად ვაფასებთ ეუთო-ს როლს ამ კონფლიქტის გადაწყვეტის საკითხებში. მათ შორის როგორც ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარის სტატუსის მქონე სუბიექტის როლს. მზად ვართ, ჩვენი თანამშრომლობა მაქსიმალურად გავააქტიუროთ“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
„ჩვენი სურვილია, ის ფორმატები გავააქტიუროთ, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებთანაა დაკავშირებული, მათ შორის ჟენევის ფორმატიც. რა თქმა უნდა, არის დაბრკოლებები, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან ხელოვნურად იქმნება. ამიტომ, საერთაშორისო პარტნიორებთან საჭიროა ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა იმისთვის, რომ ჩვენს დასახულ მიზნებს მივაღწიოთ“,- განაცხადა კობახიძემ.