ირაკლი კობახიძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს შეხვდა
პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) დირექტორს, ინგებორგ გისლადოტირს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საარჩევნო კანონმდებლობისა და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მხარეები მზად არიან, რეკომენდაციების შესასრულებლად მჭიდროდ ითანამშრომლონ.
ინგებორგ გისლადოტირის თქმით, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი ქართულ მხარეს ექსპერტულ მხარდაჭერას გაუწევს.
საუბარი შეეხო საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციურ რეფორმას და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე ზედამხედველობის მიმართულებით, ქართული გამოცდილების აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გაზიარების მნიშვნელობას.
ირაკლი კობახიძემ და ინგებორგ გისლადოტირმა განიხილეს ინიციატივა, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ორგანიზებით გაიმართოს კონფერენცია საპარლამენტო ზედამხედველობის შესახებ, სადაც საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.
შეხვედრაზე ასევე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ეთიკის კოდექსის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი იქნა მიღებული. მხარეები შეთანხმდნენ, საქართველო, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მხარდაჭერით, მეგობარი ქვეყნების პარლამენტებს გამოცდილებას ამ მიმართულებითაც გაუზიარებს.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, ილია დარჩიაშვილი ესწრებოდნენ.