ირაკლი კობახიძე - ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნა მთლიანად ასახავს წინასაარჩევნო გარემოს, ერთადერთი პრობლემა არის პოლარიზაცია, რაც დაიძლევა „ნაცმოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებით
ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნა მთლიანად ასახავს წინასაარჩევნო გარემოს, ერთადერთი პრობლემა არის პოლარიზაცია, რაც დაიძლევა „ნაცმოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ერ დადგინდა ვერანაირი ხარვეზი.
„ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნა, რაც პრინციპში მთლიანად ასახავს წინასაარჩევნო გარემოს, არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთადერთი პრობლემა გამოიკვეთა ამ დასკვნაში, რაც ისედაც ყველამ ვიცით, ეს არის პოლარიზაცია. პოლარიზაცია პოლიტიკურ სპექტრში და პოლარიზაცია მედიაში. ეს არის ერთადერთი სისტემური პრობლემა, რაც გვაქვს ჩვენს ქვეყანაში და სწორედ ამ პოლარიზაციის დაძლევას ემსახურება ის გეგმა, რომელიც წარვუდგინეთ საზოგადოებას. გეგმა უკავშირდება „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებას.
ეს ვიდრე არ მოხდება, ეს პოლარიზაცია ძალაში დარჩება. რაც შეეხება თავისუფალ და კონკურენტულ არჩევნებს, ვერცერთ შემთხვევაში ვერ დადგინდა ვერავითარი არსებითი ხარვეზი, შესაბამისად, მე ყველას მოვუწოდებ, მოემზადონ არჩევნების დღისთვის. ჩვენ მოვემზადებით არჩევნებში გამარჯვებისთვის და ოპოზიცია მოემზადოს მორიგი, მეცხრე მარცხისთვის 26 ოქტომბერს“, – განაცხადა კობახიძემ.