ირაკლი კობახიძე - ეუთო/ოდირი პრაქტიკულად იმეორებს ვენეციის კომისიის დასკვნას, დოკუმენტს, რომელიც ამბობს, რომ გამჭვირვალობა ცუდია, ვერ ექნება სამართლებრივი ღირებულება
ირაკლი კობახიძე - ეუთო/ოდირი პრაქტიკულად იმეორებს ვენეციის კომისიის დასკვნას, დოკუმენტს, რომელიც ამბობს, რომ გამჭვირვალობა ცუდია, ვერ ექნება სამართლებრივი ღირებულება

ეუთო/ოდირის დოკუმენტი არ ეფუძნება არავითარ სამართლებრივ არგუმენტებს, პრაქტიკულად იმეორებს ვენეციის კომისიის დასკვნას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დოკუმენტს, რომელიც ამბობს, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი, ვერ ექნება სამართლებრივი ღირებულება.

„ეუთო/ოდირის დოკუმენტს აქვს ზუსტად იგივე ფასი, რაც ვენეციის კომისიის დოკუმენტს. ეს არის სარეკომენდაციო დოკუმენტი და ჩვენ ვართ ვალდებული გავიზიაროთ მხოლოდ ისეთი შენიშვნები, რომლებიც ეფუძნება სამართლებრივ არგუმენტებს. ამ შემთხვევაში ეუთო/ოდირის დოკუმენტი არ ეფუძნება არავითარ სამართლებრივ არგუმენტებს, პრაქტიკულად იმეორებს ვენეციის კომისიის დასკვნას, რომლის მიხედვითაც გამჭვირვალობა არის ცუდი, ამ დროს ყველამ ვიცით, რომ გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი უმთავრესი ევროპული ღირებულება და გამჭვირვალობა ვერ იქნება ცუდი. აქედან გამომდინარე, დოკუმენტს, რომელიც ამბობს, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი, ჩვენთვის ვერ ექნება სამართლებრივი ღირებულება, შესაბამისად, ჩვენ ვიმოქმედებთ იმ პრინციპების მიხედვით, რომელსაც დაეფუძნა თავიდანვე ევროპული კავშირი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.