ირაკლი კობახიძე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ არასამთავრობოებთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს
თუ შეხვედრის სურვილი იქნება, მზად ვარ, ეს განვიხილო, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების განცხადებას შეხვედრის თაობაზე.
კობახიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ეროვნული უმცირესობების ინტერესების რეალიზაცია და მათი უფლებების მყარად დაცვაზე ზრუნვაა.
„აქედან გამომდინარე, ასეთი წარმომადგენლობა მნიშვნელოვანია. თუ შეხვედრის სურვილი იქნება, მზად ვარ, ეს განვიხილო“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობისა და ინტეგრაციის პრობლემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციების ლიდერებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების, ასევე პრემიერ–მინისტრისა და პრეზიდენტის სახელზე მიმართვა გაავრცელეს.
ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობისა და ინტეგრაციის პრობლემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციები გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ და ამ სფეროში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან უახლოეს ხანებში შეხვედრას ითხოვენ.
„საქართველოს პარლამენტის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევ კონკურსში 5 წლის განმავლობაში ეთნიკურმა უმცირესობებმა ოთხჯერ მხარი დავუჭერთ ქალბატონ იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურას, რომელიც აკმაყოფილებს ამ პოზიციისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას – არის უფლებადამცველი, ჟურნალისტი, არის დამოუკიდებელი ყოველგვარი გავლენებისგან, მისაღები კანდიდატია ყველა ჯგუფისთვის და აქვს დიდი ნდობა ყველა ეთნოსის წარმომადგენლებში. მიუხედავად იმისა, რომ მან ოთხივეჯერ წარმატებით გადალახა საკონკურსო კომისია, იგი არც სახალხო დამცველის, არც საპარლამენტო უმცირესობის და არც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არ იქნა წარდგენილი სამეურვეო საბჭოს კანდიდატად“, – ნათქვამია ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მიმართვაში.