ირაკლი კობახიძე - ეთიკის კოდექსთან დაკავშირებით პარლამენტში ახალი ინიციატივა შემოვა
ახალი ინიციატივა შემოვა პარლამენტში და მის საფუძველზე, ჩვენ, დარწმუნებული ვარ, შევთანხმდებით ახალ დოკუმენტზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ეთიკის კოდექსზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, გუშინ, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისთვის წარმოდგენილ დოკუმენტთან დაკავშირებით, გარკვეული შენიშვნები იყო.
„ჩვენ გვაქვს დრო იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ. ახალი ინიციატივა შემოვა პარლამენტში და მის საფუძველზე, დარწმუნებული ვარ, შევთანხმდებით ახალ დოკუმენტზე.
ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო დიდი ხნის წინ. იყო მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაცია, რომ ასეთი კოდექსი შემუშავდეს. მე არ ვთვლი, რომ არის რამე განსაკუთრებული პრობლემები, რომელთა გადაჭრასაც სჭირდება რაიმე განსაკუთრებული დოკუმენტის მიღება, თუმცა იმისათვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფილი იყოს რაიმე სირთულეების პრევენცია, ასეთი ეთიკის კოდექსის მიღება მიზანშეუწონელი არ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.