ირაკლი კობახიძე - ამ ეტაპზე, არ იქნება სწორი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება
სხვადასხვა მიზეზის გამო, არ იქნება ქვეყნისთვის ამ ეტაპზე სწორი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განუცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ შემთხვევაში შესაძლოა, პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლობა კიდევ უფრო შემცირდეს, ასევე, თეორიულად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედებას კიდევ უფრო გადაავადებს.
„მგონია, სხვადასხვა მიზეზის გამო, რომ არ იქნება ქვეყნისთვის ამ ეტაპზე სწორი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, მათ შორის, იმ თვალსაზრისითაც, რომ დღეს თუ არის 33 დეპუტატი წარმოდგენილი ოპოზიცია პარლამენტში, დღეს რომ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, შეიძლება, ოპოზიციის წარმომადგენლობა იყოს კიდევ უფრო მცირე. ამას ვამბობ ყოველგვარი სარკაზმის და ირონიის გარეშე, ეს არის დღევანდელი მოცემულობა. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა გარემოება ჩვენ მიგვითითებს იმაზე, რომ ჯობია, არ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ასევე, შეგახსენებთ იმას, რომ თუ ჩატარდება დღეს, პირობითად, თეორიულად, საპარლამენტო არჩევნები, ამ შემთხვევაში, პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება კიდევ უფრო მეტად გადავადდება 2 წლით, რაც იქნება არასწორი მოვლენა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ არ იქნება სწორი ქვეყნის განვითარებისთვის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.