ეს არჩევნები რეალურად იყო რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ამ გზავნილს გაჰყვა ჩვენი ამომრჩეველი, რადგან ეს არის ყველაზე ხელშესახები პრობლემა, რომლის წინაშეც იდგა ჩვენი ქვეყანა, ქართველი ხალხი გამოვიდა ასეთი მობილიზაციით სწორედ მშვიდობის დასაცავად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, საზოგადოებამ ეს საფრთხე გააცნობიერა და ეს იყო ამომრჩევლის მობილიზაციის მთავარი ფაქტორი.
„ამომრჩევლის მობილიზაციაზე მთლიანობაში ბევრი ფაქტორი იყო. მთავარი იყო ის ძირითადი გზავნილები, რაც გვქოდა და რაც იყო ძალიან დამაჯერებელი. ეს გზავნილები ეფუძნება რეალობას, რომლის წინაშეც იდგა და დგას ჩვენი ქვეყანა. ეს არჩვენები რეალურად იყო რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის და ამ გზავნილს გაჰყვა ჩვენი ამომრჩეველი, რადგან ეს არის ყველაზე ხელშესახები პრობლემა, რომლის წინაშეც იდგა ჩვენი ქვეყანა, განსაკუთრებით 2022 წლიდან მოყოლებული. შესაბამისად, ქართველი ხალხი გამოვიდა ასეთი მობილიზაციით სწორედ მშვიდობის დასაცავად; ტრადიციული ფასეულობები – იცით, რომ არის გარკვეული მძიმე ტენდენციები, რაც არ მოსწონს ქართულ საზოგადოებას. ჩვენ ვპირდებით ქართულ საზოგადოებას ჩვენი საზოგადოების დაცვას გარკვეული არასწორი პროცესებისგან და ეს იყო შემდეგი მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც ასევე განაპირობებდა ჩვენი ამომრჩევლის მობილიზაციას. წარდგენილი გვქონდა ჩვენი ხედვა, ერთი პარტია იყო „ქართული ოცნება“, რომელსაც რეალურად თავისი მკაფიო ხედვა ჰქონდა წარდგენილი სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით. რაც მთავარია, ამ ხედვას ზურგს უმაგრებს წარსული გამოცდილება. ეკონომიკა არის მთავარი ფაქტორი ქვეყნის გაძლიერებისთვის, მათ შორის საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებისთვის. ჩვენს პარტიაში, მთავრობაში გვყავს გამორჩეული ეკონომიკური გუნდი, რომელმაც უზრუნველყო და მხოლოდ ბოლო ოთხი წლის განავლობაში 40 მილიარდით გაიზარდა ჩვენი ეკონომიკა. ეს აისახა უმუშევრობის, სიღარიბის შემცირებაზე და ასე შემდეგ. ასევე იცით, რა ტემპებით ვითარდება ინფრასტრუქტურა ჩვენს ქვეყანაში. წინა ხელისუფლებამ სულ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი ააშენა, დააგო, ჩვენი ხელისუფლების პირობებში 40 კილომეტრი მარტო გვირაბი აშენდა. წარმოიდგინეთ, რა მასშტაბზეა საუბარი, რა კომპტენცია, კვალიფიკაცია და კეთლსინდისიერება სჭირდება ამასთან ერთად ამ ყველაფერს. ხიდები მარტო 20 კილომეტრზე მეტი არის მარტო რიკოთზე. ამ დონის სამუშაოებზეა საუბარი“, – აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, მმართველ გუნდს ზურგს უმაგრებს წარსული გამოცდილება.
„ვამაყობთ კორუფციის დაბალი დონით. რაც არის დადასტურებული ინდექსებით, აისახება იმავე ინფრასტრუქტურული სამუშაობის მოცულობასა და მასშტაბზე. როცა 68 კილომეტრი მაგისტრალი დააგო წინა ხელისუფლებამ, იქ ნაშოვნ ფულს დღემდე ახმარენ არჩევნებს, კონკრეტული გვარებით შეიძლება საუბარი. ამ არჩევნებსაც მოხმარდა 2012 წლამდე მაგიტსრალების მშენებლობაზე ნაშოვნი ფული. ჩვენს პირობებში არის კორუფციის დაბალი დონე, რაც აისახება ინფრასტუქტურული სამუშაოების ხარისხზე, ტემზე და ყველაფერზე. ჩვენ წარსული გამოცდილება გვიმაგრებს ზურგს და, შესაბამისად, გვქონდა შესაძლებლობა, საზოგადოებისთვის წარგვედგინა ძალიან ამბიციური პროგრამა – ეკონომიკური განვითარების გეგმა და, ზოგადად, გეგმა ყველა მიმართულებით. ამანაც იმოქმედა, მაგრამ მთავარი მაინც იყო ის ეგზისტენციური საფრთხის გაცნობიერება, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა იდგა განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ და რაც აქტუალურია დღესაც. თეორიულად, ჩვენ რომ დაგვეშვა ამ ძალების მოსვლა ხელისუფლებაში, ერთი კვირა არ დასჭირდებოდათ ქვეყნის ომში ჩასართვად. პიარულადაც კი არ შეფუთავდნენ ამას. ეს საფრთხე გააცნობიერა ქართულმა საზოგადოებამ და ეს იყო ამომრჩევლის მობილიზაციის მთავარი ფაქტორი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, გარე ჩარევამ შესაბამისი სუბიექტებისთვის უკუშედეგი იქონია.
„გარე ჩარევა იყო ძალიან ინტენსიური და წარიმართებოდა უხეში ფორმით. ქართველ ხალხს აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება საკუთარი ღირსების მიმართ. გახსოვთ, ქართველი ხალხი 80-იან წლებში არ შეუშინდა საბჭოთა სისტემას, გამოვიდა მის წინააღმდეგ, როცა იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის. ქართველი ხალხი სწორედ ღირსების დასაცავად გამოვიდა 2012 წელს კიდევ უფრო მძიმე რეჟიმის წინააღმდეგ. პირდაპირ კლავდნენ ადამიანებს, 150 ახალგაზრდა მარტო ქუჩაში მოკლეს, წელიწადში კლავდნენ 100-ზე მეტ ადამიანს მარტო ციხეებში. იყო ბიზნესის ტერორი და ა.შ. ამასაც კი არ შეუშინდა ქართველი ხალხი, ბოლომდე დაიცვა ღირსება და 2012 წელს გაისტუმრა ეს რეჟიმი სახლში. ახლაც იმავე ტიპის არჩევნები იყო. ქართველმა ხალხმა დაინახა, რომ ღირსება იყო დასაცავი. 2012 წლის არჩევნებიც იმით იყო გამორჩეული, რომ ძალიან ძლიერი გარე მხარდაჭერა ჰქონდა მაშინდელ სისხლიან რეჟიმს. ამასაც არ შეეპუა ჩვენი ამომომრჩეველი, ბოლომდე დადგა ღირსების დასაცავად და გაიმარჯვა. ამ ადამიანებს, რომლებსაც სურდათ ხელისუფლებაში დაბრუნება, არიან ადამიანები, რომლებმაც ეს დანაშაულები ჩაიდინეს, მათ შორის, ომში გახვიეს ქვეყანა. მათ სურდათ ხელისუფლებაში დაბრუნება და ამ გეგმას ამაგრებდნენ კონკრეტული ადამიანები საზღვარგარეთიდან. ისინი შეეხნენ ქართველი ხალხის ღირსებას, ქართველი ხალხი კი ღირსების დასაცავად დადგა. ეს არის სწორედ მიზეზი, რომ პრაქტიკულად თითქმის გამეორდა 2012 წლის აქტივობა. თავისი შინაარსით გამეორდა ზუსტად ის მობილიზაცია, რაც ჰქონდა ქართველ ამომრჩეველს 2012 წელს. გარე ჩარევამ შესაბამისი სუბიექტებისთვის უკუშედეგი იქონია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.