ირაკლი კობახიძე - ერთი პარტიით დაკომპლექტებული პარლამენტი არ ვარგა და დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ასე არ იქნება
მოლოდინი არის ძალზე პოზიტიური და ამას აქვს ძალიან კონკრეტული საფუძველი. ერთი პარტიით დაკომპლექტებული პარლამენტი არ ვარგა და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ასე არ იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მოლოდინია, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა და მანდატებზე უარს არ იტყვის.
„რაც შეეხება მეორე ტურებისთვის სამზადისს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიციას მზადება უკვე დაწყებული აქვს. კახეთიდან, ზუგდიდიდან და თბილისის ოლქებიდან, აქ აქვთ დაწყებული მუშაობა, აგიტატორების მობილიზება და ა.შ. რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, რა თქმა უნდა, ლოგიკურია მსჯელობა, რომ თუ პარტია უარს აცხადებს იმ პრივილეგიით სარგებლობაზე, რომელიც მას ხალხმა, მისმა ამომრჩეველმა მიანიჭა, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, მან არ უნდა მიიღოს არც ის სხვა პრივილეგიები, რომელიც უკავშირდება არჩევნებს და მანდატს. ეს არის მათ შორის სახელმწიფო დაფინანსება. ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია კარგი იქნება კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, რომლიც მიხედვით, თუ პარტია უდიერად ეპყრობა საკუთარი ამომრჩევლის ნებას და უარს ამბობს მანდატებზე, მას უარი უნდა ეთქვას სახელმწიფო დაფინანსებაზე. ამაზე პარლამენტი ალბათ იმსჯელებს. რაც შეეხება მოლოდინს, მოლოდინი არის ძალზე პოზიტიური და ამას აქვს ძალიან კონკრეტული საფუძველი. ერთი პარტიით დაკომპლექტებული პარლამენტი არ ვარგა და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ასე არ იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ჩართულობით ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ შეხვედრის შესაძლებლობას, კობახიძე აცხადებს, რომ ეს თეორიულად შესაძლებელია.
„თეორიულად ეს ყველაფერი შეიძლება, მაგრამ ქართული პოლიტიკური კულტურისთვის უკეთესი იქნება, თუ პარტიები თვითონ მოახერხებენ საკუთარი პოზიციის შეჯერებას. დანარჩენი ვნახოთ“, – აღნიშნა კობახიძემ.