ირაკლი კობახიძე - ერთგულნი ვრჩებით იდეისადმი, რომლის თანახმად, ჯამური გამომუშავების 27.4% განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იქნება მიღებული, სათბური აირების ემისია 47%-ით შემცირდება
ირაკლი კობახიძე - ერთგულნი ვრჩებით იდეისადმი, რომლის თანახმად, ჯამური გამომუშავების 27.4% განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იქნება მიღებული, სათბური აირების ემისია 47%-ით შემცირდება

კლიმატის ცვლილებების შესახებ კონფერენციაზე საქართველო მიზნად ისახავს, განამტკიცოს ენერგეტიკული და კლიმატური მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში გამართული მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, განვითარებადი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, კლიმატის ცვლილების შესახებ კონფერენცია მნიშვნელოვან მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

„ეროვნული სამოქმედო გეგმის, ისევე როგორც ინტეგრირებული ენერგეტიკული და კლიმატური ცვლილების გეგმის თანახმად, ერთგულნი ვრჩებით იდეისადმი, რომლის თანახმად, ჯამური გამომუშავების 27.4 პროცენტი განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იქნება მიღებული, სათბური აირების ემისია 47 პროცენტით შემცირდება, ხოლო ენერგოეფექტურობა 2030 წლამდე პერიოდში გაუმჯობესდება.

განვითარებადი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, კლიმატის ცვლილების შესახებ კონფერენცია მნიშვნელოვან მხარდაჭერას უზრუნველყოფს, რადგან გვაძლევს პარტნიორების ტექნიკურ და ფინანსურ რესურსებზე წვდომას. მათ შორისაა მსოფლიო ბანკი. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი განახლებადი ენერგიის პროექტების დაჩქარებას, შესაძლებლობების გაძლიერებას და ევროკავშირის სტანდარტებთან ნახშირბადის ფასების დაახლოებას. ამ ძალისხმევის განხორციელებით, გლობალური ენერგეტიკული გარდაქმნისა და ემისიების შემცირების იდეისადმი საქართველო სრულ ერთგულებას გამოთქვამს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.