ირაკლი კობახიძე - ერთადერთი, ვინც ღირსება შეუნახა სახელმწიფოს ომის დღეებში, იყო სწორედ ქართული ჯარი და ქართველი ჯარისკაცი
ერთადერთი, ვინც ომის დღეებში ღირსება შეუნახა ამ სახელმწიფოს, სწორედ ქართული ჯარი და ქართველი ჯარისკაცი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „სააკაშვილის რეჟიმმა გარე დაკვეთით დაიწყო ომი ქვეყანაში“.
„სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი, რასაც მოგვიანებით თავად სააკაშვილის რეჟიმის ლიდერებმა მოაწერეს ხელი. იცნობთ ალბათ ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით წერია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები 7 აგვისტოს დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა და შემდეგ წერია იქვე, რომ ამას მოჰყვა რუსეთის საპასუხო შეტევა. ასევე მაშინდელი გენშტაბის უფროსი, რომელიც დღეს არის „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი, პირდაპირ აცხადებდა, რომ დასწრებაზე მოქმედებდნენ, რადგან ჰქონდათ შიში, რომ მოგვიანებით რუსები შემოვიდოდნენ ცხინვალის რეგიონში, ამიტომ უნდა მოესწროთ დასახლებების დაკავება. არის არაერთი აღიარებითი ჩვენება, ტალიავინის დასკვნა და ასე შემდეგ, თავად აქვთ აღიარებული ამ ადამიანებს, რომ გააჩაღეს ომი ამ ქვეყანაში. ეს ყველაფერი დაიწყეს ცხინვალის დაბომბვით, შემდეგ, კარგად გახსოვთ, როგორც გაგრძელდა პროცესები – ორ დღეში წააგეს ომი, მიუხედავად ჩვენი ჯარისკაცებისა და ჩვენი ჯარის გმირული ბრძოლისა. ერთადერთი, ვინც იმ დღეებში ღირსება შეუნახა ამ სახელმწიფოს, სწორედ ქართული ჯარი და ქართველი ჯარისკაცი იყო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.