ირაკლი კობახიძე - ერთადერთი საშუალება, რაც ჰქონდა ხელისუფლებას, იყო შუაში ჩადგომა და მძაფრი დაპირისპირების პრევენცია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 14 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც მოქალაქეთა ორი ჯგუფი უპირისპირდება ერთმანეთს, ერთადერთი როლი, რომლის შესრულებაც სახელმწიფოს შეუძლია, არის შუაში ჩადგომა და მხარეების აგრესიისგან დაცვა. პარლამენტის თავმჯდომარემ შს მინისტრს და პოლიციის თანამშრომლებს ვითარების განმუხტვაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
„როდესაც მოქალაქეთა ორი ჯგუფი და საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი უპირისპირდება ერთმანეთს, ასეთ დროს სახელმწიფოს შეუძლია მხოლოდ ერთადერთი როლის შესრულება, ეს არის როლი, რასაც ჰქვია შუაში ჩადგომა და მხარეების დაცვა აგრესიისგან და სწორედ ეს მოხდა გუშინ. მადლობა უნდა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, რომლებმაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ამ პროცესში და ვითარების განმუხტვაში. ასე იმოქმედა სახელმწიფომ.
ბუნებრივია, შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდეთ საკუთარი პოზიცია ერთი მოსაზრების მიმართ, მეორე მოსაზრების მიმართ, მაგრამ, ხელისუფლებას არ აქვს მოსაზრებების შეფასების უფლება, ვიდრე ისინი ჯდება კანონის ჩარჩოებში.
აქედან გამომდინარე, ერთადერთი საშუალება, რაც ჰქონდა ხელისუფლებას, იყო შუაში ჩადგომა, აგრესიის პრევენცია და დაპირისპირების, მძაფრი დაპირისპირების პრევენცია და ზუსტად ეს მოხდა გუშინ და ამისათვის კიდევ ერთხელ შინაგან საქმეთა სამინსიტროს და პოლიციას ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ. ეს არის სახელმწიფოს როლი რეალურად ასეთ ვითარებაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.