ირაკლი კობახიძე - ერთ მხარეს არიან უკრაინის მაღალჩინოსნები, რომლებიც საუბრობენ საქართველოში მეორე ფრონტზე, მეორე მხარესაა ხატია დეკანოიძე, რომელსაც წამოსცდა, რომ საქართველოს ეს ფუნქცია უნდა შეესრულებინა
ირაკლი კობახიძე - ერთ მხარეს არიან უკრაინის მაღალჩინოსნები, რომლებიც საუბრობენ საქართველოში მეორე ფრონტზე, მეორე მხარესაა ხატია დეკანოიძე, რომელსაც წამოსცდა, რომ საქართველოს ეს ფუნქცია უნდა შეესრულებინა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკმაოდ ფართო კოორდინაციაა იმ ძალებს შორის, რომლებიც ქართულ სახელმწიფოს პირდაპირ მტრობენ და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნით არიან დაინტერესებული.

ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის მიერ ერთ-ერთი მედიის ეთერში გაკეთებულ იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც: „ბიძინა ივანიშვილის მმართველობა არის ძალიან დიდი საშიშროება უკრაინის გამარჯვებისთვის, მათ შორის არა გადარჩენისთვის, არამედ გამარჯვებისთვის, რადგან უსაფრთხოების სარტყელი, რომელიც უნდა შემოეკრას უკრაინას, შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე, ამ სარტყელში საქართველო არის ამოვარდნილი და ეს არის ხელიდან გაშვებული გეოპოლიტიკური უდიდესი შანსი და „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული შეცდომა“.

კობახიძის თქმით, ერთ მხარეს არიან უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომლებიც პირდაპირ საუბრობენ, რომ სურთ, საქართველოში იხილონ მეორე ფრონტი და მეორე მხარეს არის ხატია დეკანოიძე, რომელსაც წამოსცდა, რომ საქართველოს უნდა შეესრულებინა ეს ფუნქცია, ყოფილიყო ამ სარტყელის შემადგენელი ნაწილი.

„მათ საქართველოში სურთ ომი, მეორე ფრონტი, უბრალოდ, მეორე ფრონტის თემას შანტაჟს პირდაპირ არ აბამენ. სჯობს, ისინი ღიად გამოვიდნენ და ხალხს პირდაპირ უთხრან, რას ითხოვენ. ქართველ ხალხს ჰკითხონ, სურთ თუ არა, ჩაერთონ ომში. შეგვიძლია, ამ თემაზე პლებისციტი ჩავატაროთ და ხალხს ვკითხოთ, სურს თუ არა საზოგადოებას, რომ ჩაერთოს იმ ომში, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს არის უკრაინაში. ეს ხალხის მიერ გადასაწყვეტი საკითხი უნდა იყოს. შეიძლება, ხალხმა ბიძინა ივანიშვილსაც უთხრას, რომ თუ ის ხელს შეუწყობს ამ გადაწყვეტილების მიღებას, როგორც მოგეხსენებათ, მისგან ითხოვენ პოლიტიკაში დაბრუნებას და ამ გადაწყვეტილების წახალისებას, ხალხს შეუძლია, ივანიშვილს მოუწოდოს, ეს გააკეთოს და ამ შემთხვევაში საკუთარ მილიარდნახევარსაც გაუფრთხილდება. გარდა ამისა, შესრულდება ის მოთხოვნა, რაც აქვთ დეკანოიძეს, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს და ა.შ. მაგრამ ეს საკითხი უნდა დაისვას ღიად, ხალხის წინაშე. ჩვენ რომც გვინდოდეს ომში ჩაბმა, ამას ხალხის ნების გარეშე ვერ გავაკეთებთ. დემოკრატიის ელემენტარული პრინციპია, რომ ხალხს უნდა ჰკითხო. თუ ხალხი იტყვის, ომში უნდა ჩაერთოს, ამ შემთხვევაში, ეს საკითხი შეგვიძლია, ერთად განვიხილოთ და თუ ხალხს სურს, უკანასკნელ ქართველამდე იბრძოლოს, მაშინ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, მაგრამ პირველ რიგში ხალხს უნდა ვკითხოთ. ქართულ საზოგადოებას არახამიაზე თავისი ნათელი წარმოდგენა აქვს და საზოგადოებამ ისიც იცის, რომ მისი ერთადერთი სურვილია, საქართველო მეორე ფრონტი გახდეს. არახამია ქართველ ხალხს ვერ არწმუნებს, რომ საქართველო მეორე ფრონტი უნდა გახდეს. შეუძლია, ამ მიმართულებით ძალისხმევა გააგრძელოს, მაგრამ არ მგონია, ქართველი ხალხი დაარწმუნოს, რადგან მათ მეორე ფრონტი არ უნდათ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, არაფორმალური სანქციები, რაზეც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი საუბრობდა, შეიძლება, იყოს შანტაჟის ეფექტური მექანიზმი, თუ იციან, რომ ეს ადამიანი ფულის გამო სახელმწიფოს წინააღმდეგ წამსვლელი არის. ნახეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ფულის გამო საკუთარი სახელმწიფოს, ხალხის წინააღმდეგ არ წავიდა. ფორმალური სანქციები ნაკლებად ეფექტურია შანტაჟისთვის, აქედან გამომდინარე, მგონია, რომ პერსპექტივა ძალიან მცირეა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.