ირაკლი კობახიძე - ერთ-ერთი ელჩისგან რუსეთთან ფრენების თემაზე აბსურდული განცხადებები მოვისმინეთ, საერთოდ სასწაული თქვა, თითქოს, მათ შორის, იმიტომ არ უნდათ ფრენები, რომ მეტი რუსი გადავა ევროპაში
ერთ-ერთი ელჩისგან ფრენების თემაზე აბსურდული განცხადებები მოვისმინეთ, საერთოდ სასწაული თქვა, თითქოს, მათ შორის, იმიტომ არ უნდათ ეს ფრენები, რომ ამ ფრენების გამოყენებით მეტი რუსი გადავა ევროპაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, რუსეთის მოქალაქეს სჭირდება ვიზა, რათა შევიდეს ევროპაში ან აშშ-ში. „საერთოდ სასწაულია, ამასთან დაკავშირებით რაც ითქვა“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ფრენების სტატისტიკაზეც ისაუბრა.
„ჩვენი მეზობელი ქვეყნები რომ ავიღოთ, თურქეთი, რომელიც არის ნატო-ს წევრი ქვეყანა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, აზერბაიჯანი, სომხეთი, დღეში სრულდება 150 ფრენა. რაც შეეხება საქართველოს, დღეში სრულდება 1-2 ფრენა, ადრე იყო ერთი, ახლა შეიძლება – ორი. 150 სრულდება მეზობელ ქვეყნებში და ერთი ან ორი საქართველოში. ასეთ დროს როცა საუბარია, რომ საქართველო იქნება გამოყენებული გვერდის ავლისთვის, საქართველოს გავლით ევროპაში რუსეთის მოქალაქეების უწყვეტი ნაკადი შევა, ეს ხომ აბსურდია. ეს აბსურდია და ამაზე სპეკულირება არის, არ ვიცი, თითიდან გამოწოვილიც არ ჰქვია. არ შეიძლება ასეთი თემებით იმის ცდა, რომ რაღაცნაირად დააზარალო შენი ქვეყნის ინტერესები. ეს არის, უბრალოდ, სპეკულაციები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ევროკავშირი-რუსეთის ვაჭრობის მოცულობა 200 მილიარდზე მეტია, საქართველოს რუსეთთან ვაჭრობა კი ამის ერთ პროცენტზე ნაკლებია.
„ყველა ქვეყანა, რეალურად, მაქსიმალურად ზრუნავს საკუთარ ინტერესებზე. რაც შეეხება ევროკავშირი-რუსეთის ვაჭრობას, ამ ვაჭრობის მოცულობა 200 მილიარდზე მეტია. ჩვენი ვაჭრობა არის ამის ერთ პროცენტზე ნაკლები. ანუ, საქართველოს ვაჭრობა რუსეთთან არის იმის ერთ პროცენტზე ნაკლები, რასაც ევროკავშირი ვაჭრობს რუსეთთან. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, როცა ვხედავთ, რომ ყველა უფრთხილდება, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს უნდა გავუფრთხილდეთ. ჩვენ რომ დაგვეწესებინა, მაგალითად, სანქციები, ეს გამოიწვევდა, სულ მცირე, 2.5 მილიარდის დაკარგვას ჩვენი ქვეყნის მიერ. როგორ შეიძლება, ასეთი ნაბიჯი გადადგა, როგორ შეიძლება, საკუთარი ხელით დააზიანო საკუთარი ქვეყნის და საკუთარი მოსახლეობის ინტერესები? შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია ამას ითხოვდა. ოპოზიცია ითხოვდა, რომ მარტო პირველივე წელს, სულ მცირე, 2.5 მლრდ დოლარი დაგვეკარგა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის მათი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის, საკუთარი მოსახლეობის მიმართ, ჩვენ გვაქვს განსხვავებული დამოკიდებულება“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა: „რუსეთთან ფრენების აღდგენა შემაშფოთებელია, რადგან იგი იძლევა არა მხოლოდ იმის საშუალებას, რომ მეტი რუსი ჩამოვიდეს საქართველოში, არამედ იმის საშუალებასაც, რომ საქართველო გამოიყენონ ევროპაში გადასასვლელად“.