ირაკლი კობახიძე - ერთ და ორპროცენტიანმა პარტიებმა დაამთავრონ სპეკულაციები ბარიერზე, გაერთიანდნენ და ასე იზრუნონ საარჩევნო ბარიერის გადალახვაზე, თუმცა ვფიქრობ, არავითარი გაერთიანება მათ არ უშველით
ირაკლი კობახიძე - ერთ და ორპროცენტიანმა პარტიებმა დაამთავრონ სპეკულაციები ბარიერზე, გაერთიანდნენ და ასე იზრუნონ საარჩევნო ბარიერის გადალახვაზე, თუმცა ვფიქრობ, არავითარი გაერთიანება მათ არ უშველით

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, კარგი იქნება, თუ, საარჩევნო ბარიერზე სპეკულაციების ნაცვლად, ერთ და ორპროცენტიანი პარტიები გაერთიანებაზე და ამ გზით ბარიერის გადალახვაზე იფიქრებენ.

ამასთან, კობახიძის შეფასებით, ზოგადად ოპოზიცია იმდენად დისკრედიტირებულია, რომ არჩევნებზე შესაბამის შედეგს მიიღებენ და არავითარი გაერთიანება მათ არ უშველით.

„ზოგადად, თუ ერთპროცენტიანი, ორპროცენტიანი პარტიები იფიქრებენ გაერთიანებაზე, როგორიც არის იგივე „ლელო“, გახარია და ა.შ. ეს მათთვის უკეთესი იქნება. დაამთავრონ სპეკულაციები ბარიერთან დაკავშირებით. კეთილი ინებონ, იციან საკუთარი რეიტინგები – 1, 2, 3 პროცენტი, გაერთიანდნენ და ასე იზრუნონ ბარიერის გადალახვაზე. ეს იქნება უფრო სწორი, დანარჩენი მათი საქმეა. მგონია, რომ ზოგადად ოპოზიცია იმდენად დისკრედიტირებულია, იმდენი რამე დაუშავეს ამ ქვეყანას, საზოგადოებამ ხომ დაინახა ეს ყველაფერი, როგორ ეწეოდნენ ქვეყანაში ისეთ საქმიანობას, რომელიც პირდაპირ იყო მიმართული ამ ქვეყანაში მეორე ფრონტის გაჩაღებისკენ, უკრაინის სცენარის განვითარებისკენ და ა.შ. საზოგადოებამ ეს ყველაფერი დაინახა. აქედან გამომდინარე, არჩევნებზე ისინი მიიღებენ შესაბამის შედეგს. არავითარი გაერთიანება მათ არ უშველით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, სინამდვილეში, სულ ორი პარტიაა, რომელსაც, დღევანდელი გადმოსახედიდან, შეუძლია ბარიერის მარტივად გადალახვა და ასეთ დროს გასაგებია ბარიერის დაწევის მცდელობა.

„დღევანდელი მდგომარეობით, ყველა სხვა პარტია არის 5 პროცენტს ქვემოთ. ასეთ პირობებში, მათი მცდელობა, რომ დაბლა იყოს დაწეული ბარიერი, გასაგებია. მათ აქვთ სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი, თუმცა ერთია ამ პოლიტიკური კლუბების პოლიტიკური ინტერესი და მეორე – სახელმწიფოს ინტერესი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის, დემოკრატიული სისტემის სტაბილური განვითარებისთვის 5-პროცენტიანი ბარიერი არის უმჯობესი. აქედან გამომდინარე, ეს ბარიერი არ გადაიხედება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.