ირაკლი კობახიძე - ეროვნული ბანკის განცხადება საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან წინააღმდეგობაშია, საკუთრების უფლების შეზღუდვას თავისი სტანდარტი აქვს
საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან პირდაპირ წინააღმდეგობაშია განცხადება, რომელიც გაკეთდა ეროვნული ბანკის მხრიდან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კონკრეტული პირის მიმართ სამართლებრივი სასჯელის დაწესება ისე, რომ მის მიმართ არ არის გამოტანილი შესაბამისი განაჩენი, პირდაპირ ეწინააღმდეგება უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს.
„პირველ რიგში, რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, ჩვენთვის სახელმძღვანელო პრინციპი არის საქართველოს კონსტიტუცია და არამარტო კონსტიტუცია. ეს არის, მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, სადაც პირდაპირ არის მოცემული საკუთრების უფლების შეზღუდვის ჩარჩოები, ფარგლები, სტანდარტები. ამ დოკუმენტებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან პირდაპირ წინააღმდეგობაშია განცხადება, რომელიც გაკეთდა ეროვნული ბანკის მხრიდან. ამას ვამბობ, პირველ რიგში, როგორც იურისტი, საკუთრების უფლების შეზღუდვას აქვს თავისი სტანდარტი. გარდა ამისა, სტრასბურგის პრაქტიკის მიხედვით, ასეთი ტიპის სანქციები წარმოადგენს სისხლის სამართლებრივ სასჯელს და ზუსტად იმავე სტანდარტებით არის შესაფასებელი, როგორც ნებისმიერი სხვა სასჯელი. რეალურად რა ხდება? სინამდვილეში, წესდება სამართლებრივი სასჯელი კონკრეტული პირის მიმართ ისე, რომ მის მიმართ არ არის გამოტანილი შესაბამისი განაჩენი, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს. ნებისმიერმა თავმოყვარე იურისტმა, რომელიც გათვითცნობიერებულია ადამიანის უფლებების კონცეფციაში, მხოლოდ ასეთი შეფასება შეიძლება გააკეთოს ამ თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება კითხვას – „უკრაინის ომის კონტექსტში დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს ეროვნული ბანკი არის მიერთებული და ყოველთვის იცავდა მათ, რადგან ამას საბანკო პოლიტიკა ავალდებულებს, აქამდე რატომ არ გაგჩენიათ კითხვები, ახლა რომ მიანიშნებთ არაკონსტიტუციურობაზე და ამ მიმართულებით ხომ არ ირღვევა კონსტიტუცია“, კობახიძე პასუხობს, რომ საქართველოს მოქალაქის მიმართ ვერ გავრცელდება ის რეჟიმი, რაც შეიძლება, გავრცელდეს არამოქალაქის მიმართ.
„რაც შეეხება სხვა პირთა მიმართ დაწესებულ სანქციებს, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის ბოლო შემთხვევაშიც იყო 149 არამოქალაქე, ზოგადად, სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან შეზღუდოს სავაჭრო ურთიერთობები, ეს სხვა თემაა. ჩვენ ვამბობთ რას, საქართველოს მოქალაქის მიმართ ვერ გავრცელდება ის რეჟიმი, რაც შეიძლება, გავრცელდეს არამოქალაქის მიმართ. ოთარ ფარცხალაძე დღემდე არის საქართველოს მოქალაქე. პირი ვიდრე საქართველოს მოქალაქეა, მასზე ვერ გავრცელდება ის რეჟიმი რაც შეიძლება, გავრცელდეს არამოქალაქეზე. ეს არის უმარტივესი სამართლებრივი თემა. შეიძლება, ოროსანი ანა ბუჩუკური ვერ ერკვეოდეს მსგავს თემებში, რომან გოცირიძე არ არის იურისტი და ეპატიება. რომან გოცირიძემ ხანდახან იცის ხოლმე კარგი ხუმრობები, მაგრამ ძალიან უჭირს სერიოზულ თემებზე საუბარი“, – აღნიშნა კობახიძემ.
ეროვნულ ბანკში ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.