ირაკლი კობახიძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორსა და NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორს, ალან გილამს და NDI-ს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები იყო მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო გარემო. ყურადღება დაეთმო ახალ საარჩევნო კანონმდებლობას.
„პრემიერმა აღნიშნა, რომ ისტორიაში პირველად ამომრჩეველთა 90 პროცენტზე მეტი რეგისტრაციას გაივლის და ხმას მისცემს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, ამავე მეთოდით დაითვლება არჩევნების შედეგები. შესაბამისად, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ხარვეზები საარჩევნო პროცესში, რაც არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარებას უზრუნველყოფს.
საუბარი აგრეთვე შეეხო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების როლს და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამჯერადაც უზრუნველყოფილი იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ისევე როგორც საარჩევნო პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა. ამ მიზნით არჩევნებზე დასაკვირვებლად მოწვეულია ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი მისიები.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების მზადყოფნა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას, რათა საარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში წარიმართოს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.