საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მოწვეულ ექსპერტს, მარი-ანდრე ლაჟუას შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელსაც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლორა თორნტონიც ესწრებოდა, ექსპერტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის სასწავლო ცენტრის საჭიროებათა კვლევის შედეგები და რეკომენდაციები წარუდგინა და პარლამენტებში სასწავლო ცენტრების ფუნქციონირების შესახებ საერთაშორისო მოდელები გააცნო.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე სხვადასხვა რეკომენდაცია წარადგინეს, რომლებიც საპარლამენტო სასწავლო ცენტრის საქმიანობას კიდევ უფრო მოქნილს და მობილურს გახდის.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ წარდგენილი რეკომენდაციებს განიხილავენ და შეთავაზებული ვარიანტებიდან ყველაზე მისაღები მოდელი აირჩევა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობა ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტთან და სხვა საერთაშორისო დონორებთან გაგრძელდება.
შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსმა ნიკოლოზ სამხარაძემ.