ირაკლი კობახიძე - არ გვინდა, ქვეყანაში განვითარდეს პროცესები, როდესაც ორი ყოფილი ელჩი მძიმე პროცესებს ჩაუდგა სათავეში, ორჯერ დააყენეს რევოლუციური პროცესების ეპიცენტრში „ენჯეოები“
ყველა ხედავთ, რომ დიდი რესურსი არ აქვს ოპოზიციას. ქართული საზოგადოება მხარს უჭერს „ენჯეოების“ გამჭვირვალობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
კობახიძის თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას ალტერნატივა არ აქვს.
„„ენჯეოების“ გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი, რათა საზოგადოება იყოს ინფორმირებული და ინფორმირებული საზოგადოება არის აუცილებელი პირობა, რათა ქვეყნის სუვერენიტეტი იყოს მყარად დაცული. შესაბამისად, ეს ძალიან კარგად აქვს გააზრებული საზოგადოებას. საზოგადოებას უნდა მეტი ინფორმაცია „ენჯეოების“ დაფინანსებასთან დაკავშირებით, მათ შორის იმისთვის, რომ მოხდეს ისეთი მოვლენების პრევენცია, რაც იყო 2020, 2021, 2022 წლებში. შესაბამისად, ამ კანონის მიღებას არავითარი ალტერნატივა არ აქვს. მით უმეტეს, მთელი ამ დროის განმავლობაში კანონის წინააღმდეგ ვერავინ ვერავითარი არგუმენტი ვერ წარმოგვიდგინა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძეს კითხვა დაუსვეს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოში საგარეო გავლენის გამჭვირვალობის კანონის გამო, რაზეც კობახიძემ აღნიშნა:
„პირველ რიგში, როდესაც საუბარია კონკრეტული ინსტიტუტების განცხადებებზე, გვეკითხებიან ხოლმე, რატომ ვერ დაარწმუნეთ? შეგახსენებთ, ვიდრე ვერ დავარწმუნეთ იმაში, რომ ეს განცხადებები არ უნდა გაეკეთებინათ, მანამდე ერთი წელი ვერ დავარწმუნეთ, რომ ფინანსები უნდა გაეხადათ გამჭვირვალე. არ უნდათ დაფინანსების გამჭვირვალობა, ეშინიათ დაფინანსების გამჭვირვალობის. რეალურად, ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც კეთდება, მათ შორის, ის განცხადებები, რომლებიც კეთდება. არ არსებობს არავითარი არგუმენტი. როგორ შეიძლება, რაიმე არგუმენტი გქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ „ენჯეომ“ წელიწადში ერთხელ უნდა წარადგინოს წლიური დეკლარაცია? ეს ხომ მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური მოვლენაა. უბრალოდ, წელიწადში ერთხელ „ენჯეო“ წარადგენს დეკლარაციას იმისთვის, რომ ქართული საზოგადოება იყოს ინფორმირებული დაფინანსების წყაროს და მიზნების შესახებ, ხარჯვის თაობაზე. აქ უბრალოდ არ შეიძლება, არსებობდეს არგუმენტი. ასეთ პირობებში, როდესაც მაინც კეთდება განცხადებები, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცას ძალიან არ უნდა გამჭვირვალობა. ჩვენ უბრალოდ არ გვინდა, ქვეყანაში განვითარდეს ის პროცესები, რომლებიც ვითარდებოდა 2020, 2021, 2022 წლებში, გახსოვთ, მაშინ ორი ყოფილი ელჩი ძალიან მძიმე პროცესებს ჩაუდგა სათავეში, ორჯერ დააყენეს რევოლუციური პროცესების ეპიცენტრში „ენჯეოები“, იყო სხვა პროცესები. არის ათასგვარი მანკიერი პროპაგანდა, რომელშიც ჩართული არიან „ენჯეოები“, მათ შორის, ნარკოტიკების პროპაგანდის ჩათვლით. კონკრეტული ორგანიზაციები პირდაპირ იყვნენ ამაში ჩართული. ინფორმაცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, ვინ აფინანსებს ასეთ არასწორ ქმედებებს. რა თქმა უნდა, როცა ხორციელდება დაფინანსება, დაფინანსების დიდი ნაწილი მიმართულია პოზიტიურ აქტივობებზე, მაგრამ ჩვენ გვაქვს კონკრეტული მაგალითები, რომ დაფინანსების დიდი ნაწილი მიმართულია არასწორი მიზნებისკენ. მთავარია, საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია, სად არის სწორი გავლენა, სად – არასწორი და ამის საფუძველზე ჩამოიყალიბოს საკუთარი აზრი დონორების, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების შესახებ“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, მხოლოდ გუხარდება, თუ იქნება მეტი კომუნიკაცია გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით.
„მეტიც, ძალაში რჩება ჩვენი შეთავაზება პარტნიორების მიმართ, რომ ქართული საზოგადოების თვალწინ დავსხდეთ და ვიმსჯელოთ ამ კანონის ავკარგიანობასთან დაკავშირებით. არა მარტო დიპლომატი, ნებისმიერი ევროპელი პოლიტიკოსი როდესაც აკეთებს განცხადებას კანონთან დაკავშირებით, რომელსაც იღებს პარლამენტი, ის ავტომატურად ერთვება პოლიტიკურ დებატებში. დღეს ჯოზეფ ბორელი არის ჩართული იმ პოლიტიკურ დებატებში, რომელიც ქვეყნის შიგნით უნდა წარმოებდეს. არის კანონი განსახილველი და რას ითვალისწინებს დემოკრატიული პროცესი? კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, მათ შორის თუნდაც პარტნიორი და მეგობარი. როგორ წარიმართება დემოკრატიული პროცესი? ყველა ქვეყანაში ასეა – არის პარლამენტი, არის უმრავლესობა და ოპოზიცია. როდესაც დისკუსია წარიმართება კანონთან დაკავშირებით, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი. ასე იმართება დემოკრატიული დისკუსიები. ამ შემთხვევაში რა ხდება, ოპოზიცია ვერ ამტკიცებს, რომ კანონი არის ცუდი, ვერცერთი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ“, – განაცხადა კობახიძემ.