ირაკლი კობახიძე - ენდიაის კვლევასა და არჩევნების შედეგს შორის დიდი ცდომილებაა
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ენდიაის კვლევისა და არჩევნების შედეგს შორის დიდი ცდომილებაა.
ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საშუალება არ ჰქონდა, კვლევის შედეგებს დეტალურად გაცნობოდა.
„მთავარი სოციოლოგიური კვლევა არჩევნებია, რომელიც გუშინწინ ჩატარდა. არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 12 პროცენტმა მიიღო. ეს განზოგადების საშუალებას იძლევა. არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 61 პროცენტიანი მხარდაჭერა მიიღო. აცდენები ყოველთვის არის რეიტინგებსა და არჩევნების შედეგებს შორის. არ ვიცი, ამას რა მიზეზი აქვს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ არჩევნების თანახმად, ამ შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ აქვს 61 პროცენტიანი მხარდაჭერა. ეს არ იყო ოლქები, სადაც „ქართულ ოცნებას“ საშუალოზე მაღალი მხარდაჭერა აქვს. შეიძლება, საშუალოზე დაბალიც არის, თუ წინა არჩევნების შედეგებს ავიღებთ. ასეთ რეგიონებშიც კი, 61-მა პროცენტმა ნდობა „ქართულ ოცნებას“ გამოუცხადა.
დიდი ცდომილება გვაქვს, კვლევასა და არჩევნების შედეგს შორის. შესაბამისად, შეგვიძლია, დასკვნები სხვა ნაწილშიც გავაკეთოთ“, – განაცხადა კობახიძემ.
დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ მედიას 2019 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარუდგინეს.