ირაკლი კობახიძე - ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის დანერგვა არ ეხება სახლიდან ხმის მიცემას, დისტანციურად ხმის მიცემა უამრავ რისკთანაა დაკავშირებული
ირაკლი კობახიძე - ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის დანერგვა არ ეხება სახლიდან ხმის მიცემას, დისტანციურად ხმის მიცემა უამრავ რისკთანაა დაკავშირებული

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ სამუშაო ჯგუფებში მონაწილე ოპოზიციური პარტიები 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის ფართოდ დანერგვასთან დაკავშირებულ ინიციატივას მხარს დაუჭერენ.

მისივე თქმით, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის წარმატებული გამოცდილება აქვთ და ამ ინიციატივას არავითარი უარყოფითი მხარე არ გააჩნია.

„რაც შეეხება კონკრეტულად ამ ინიციატივას. სამუშაო ჯგუფში ჩართულია ყველა არარადიკალური პარტია და მათი ინიციატივაც იყო ამ საკითხის განხილვა. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, რომ მათი მხრიდან ინიციატივას მხარდაჭერა ექნება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის წარმატებული გამოცდილება გვაქვს. იგივე ბათუმში შუალედური არჩევნები ჩატარდა რვა უბანზე, ხმის მიცემაც და ამომრჩევლის რეგისტრაციაც ელექტრონული წესით განხორციელდა. ინიციატივას უამრავი დადებითი მხარე აქვს – არავითარი უარყოფითი მხარე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ველით, რომ ეს ინიციატივა მაღალ შეფასებას დაიმსახურებს. ყოველ შემთხვევაში, ობიექტური დამკვირვებელი ამასთან დაკავშირებით სხვა შეფასებას ვერ გააკეთებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორ კობახიძემ აღნიშნა, წესის დანერგვის შედეგად სულ მცირე ამომრჩევლის 70%-ის რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულად, რაც ბოლომდე დაასრულებს სპეკულაციებს ე.წ. კარუსელებთან და მანიპულაციებთან დაკავშირებით.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა პლუსები აქვს ამ ყველაფერს. სულ მცირე 70 პროცენტზე არის საუბარი. შეიძლება, იყოს 90 პროცენტიც. რა თქმა უნდა, ტექნიკური საკითხების განხილვის შემდეგ, ეს ყველაფერი დაზუსტდება. სულ მცირე ამომრჩევლის 70%-ის ტექნიკური რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულად, რაც ბოლომდე დაასრულებს სპეკულაციებს კარუსელებთან, მანიპულაციებთან დაკავშირებით.

ეგზიტპოლი ხშირად გამხდარა მანიპულაციის საგანი. როგორც მოგეხსენებათ, ცხადდება ხოლმე ოთხი ეგზიტპოლი, ყველა ერთმანეთისგან განსხვავდება და ასე შემდეგ. აღარავითარი ეგზიტოპოლი არ იქნება საჭირო. არჩევნების ოფიციალური შედეგები საზოგადოებისთვის ცხრის წუთებზე იქნება სრულად ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, ბათილი ბიულეტენების საკითხი – რაზეც უამრავი სპეკულაცია იყო. შესაბამის უბნებზე ოქმებში დისბალანსი მთლიანად განულდება. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის კომპონენტი. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, ყველა ობიექტური დამკვირვებელი ამ ინიციატივას ძალიან მაღალ შეფასებას მისცემს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე: „სად არის გარანტია, რომ არ იქნება გადაცდომები“, კობახიძის განცხადებით, წინა წელს კრწანისის მთელ რაიონში არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა და კითხვის ნიშნები საერთოდ არ არსებობდა.

როგორც კობახიძე ამბობს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც იგივე მოლოდინი აქვთ.

„შარშან კრწანისში, მთელ რაიონში ასეთი სახით ჩატარდა არჩევნები. მოიცავდა დაახლოებით 50 000 ამომრჩეველს. საკმაოდ მსხვილი ოლქია კრწანისის ოლქი და ნული კითხვის ნიშანი იყო კრწანისში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. იგივე ეხება ბათუმსაც, სადაც როგორ რეგისტრაცია, ისე ხმის მიცემა განხორციელდა რვა უბანზე. ერთადერთი საარჩევნო ოლქი იყო, სადაც ამ წესით ჩატარდა არჩევნები. იქაც ნული კითხვის ნიშანი იყო, მიუხედავად იმ ემოციური ფონისა, რომელიც არჩევნებს ახლდა. ნული კითხვა დარჩა ორივე არჩევნების შემდეგ. აქედან გამომდინარე, იმავეს ველოდებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც. ჩვენ გვაქვს ორი წელი, რათა სრულფასოვნად მოვემზადოთ ამ არჩევნებისთვის. მათ შორის, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია უბნების გადამზადება, სერტიფიცირება, საარჩევნო უბანზე კომისიის წევრების გადამზადება და ორი წელი არის ამისათვის. იგივე ტექნოლოგიების შესყიდვის, ჩამოტანის, დანერგვისთვის, ასევე ადამიანების მომზადებისთვის. რისკები მინიმუმადე იქნება დაყვანილი“, – განაცხადა კობახიძემ.

კიდევ ერთ კითხვაზე, უნდა მიეცეთ თუ არა ემიგრანტებს ელექტრონულად ხმის მიცემის უფლება, კობახიძემ აღნიშნა, რომ მცირე საარჩევნო უბნებზე ელექტრონული აპარატურის დანერგვა ხარჯეფექტიანი არ არის, თუმცა საკითხზე იმსჯელებენ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის დანერგვა არ გულისხმობს სახლიდან ხმის მიცემას. კობახიძის თქმით, დისტანციურად ხმის მიცემა უამრავ რისკთან არის დაკავშირებული.

„უნდა განვმარტო, რომ საქმე არ ეხება დისტანციურად, სახლიდან ხმის მიცემას. საქმე ეხება საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის აპარატურის მეშვეობით კენჭისყრაში მონაწილეობას. რაც შეეხება დისტანციურად ხმის მიცემას, ეს უამრავ რისკთან არის დაკავშირებული. მათ შორის დიასპორას რაც შეეხება, ყველაზე მსხვილი გვყავს რუსეთში, სადაც ხმის მიცემის პროცედურის დაშვება საკმაო რისკებთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ყველა რისკი უნდა იყოს აწონილ-დაწონილი. ეს ამას არ ეხება. საქმე ეხება საარჩევნო უბნებზე მისვლას და შესაბამისი აპარატურით ხმის მიცემას, ასევე რეგისტრაციას. რატომ ვამბობთ 70 პროცენტს, სავარაუდოდ ეს 70 პროცენტი ბევრად მეტი იქნება, 80-90 პროცენტი, მაგრამ იქნება მცირე საარჩევნო უბნები, სადაც აპარატურის დანერგვა ხარჯეფექტიანიც არ არის. არა მარტო საზღვარგარეთ, არამედ საქართველოშიც არის 20-კაციანი უბნები, 30 ამომრჩევლისგან შემდგარი უბნები. იქ ელექტრონული აპარატის დანერგვა რაციონალური არ არის, მით უმეტეს, რომ ამომრჩეველთა რაოდენობა მთლიანობაში ძალიან მცირეა, დაახლოებით 10%-ზე იქნება საუბარი.

რაც შეეხება საზღვარგარეთ უბნებს, ხშირად იქ 10 და 20 კაცი აძლევს ხმას უბანზე. იქაც შეიძლება ამის გაკეთება, თუმცა რამდენად ხარჯეფექტიანი იქნება აპარატურის ჩატანა, ამის დანერგვა და ასე შემდეგ, როდესაც ჯამში, ამომრჩეველი ძალიან დიდი არ არის, ვნახოთ. ყველაფერზე იქნება მსჯელობა. დიდ უბნებზე იქაც შეიძლება, ჩატარდეს ელექტრონული წესით, მცირე უბნებზე – არა. ვნახოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესი ფართოდ დაინერგოს.