ირაკლი კობახიძე ელჩის გაწვევაზე - ინტერესი იყო, რომ ამ ყველაფერს პატარა აფეთქება გამოეწვია და ამაზე ხელი უნდა მოეთბო „ნაციონალურ მოძრაობას“
როდესაც ელჩის გაწვევა მოხდა, ინტერესი იყო, რომ ამ ყველაფერს პატარა აფეთქება გამოეწვია და ამაზე ხელი უნდა მოეთბო „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. კობახიძე საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას გამოეხმაურა.
კობახიძის თქმით, უკრაინის ელჩის გაწვევის საქმეში შეიძლება ბევრი ფაქტორი ჩაერთოს.
„ერთი ეს იყო საზოგადოებაში ემოციური ფონის შეცვლა, შეიძლება პიროვნული ანგარიშსწორება, შეიძლება იყოს ქვეყნის გარეთ ქვეყნის იმიჯის დაზიანების მცდელობა და ა.შ. ბევრი ფაქტორი შეიძლება იყოს, მაგრამ მთავარია პრობლემის სათავე, სათავე კი არის კონკრეტული პოლიტიკური ძალა, რომელიც დაინტერესებულია ქვეყნისა და ხელისუფლების იმიჯის დაზიანებით, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ისინი უკრაინაში არიან ხელისუფლებაში და ეს თანხვედრა საბოლოო ჯამში წარმოშობს პრობლემას. მაგრამ, წარმოშობს პრობლემებს ძალიან მოკლევადიან პერსპექტივაში და ძალიან მცირე დოზით – საზოგადოება ყველაფერს ხედავს და ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ვაწვდით ინფორმაციას ყველაფერთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.