ირაკლი კობახიძე - ტურიზმს უდიდესი პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, ხელს უწყობს ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია
ტურიზმის განვითარება არაჩვეულებრივად მიესადაგება ქართულ კულტურას, ტრადიციებს, სტუმართმასპინძლობა ქართველების კულტურისა და იდენტობის განუყოფელი ნაწილია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისა და 2024 წლის გეგმების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეკონომიკურთან ერთად, ტურიზმს უდიდესი პოლიტიკური დატვირთვაც ენიჭება, ხელს უწყობს ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.
„მოხარული ვარ, რომ მოგმართავთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, სფეროზე, ეს არის ტურიზმი და ავიაცია. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში, წინსვლაში. ეკონომიკურთან ერთად, ტურიზმს უდიდესი პოლიტიკური დატვირთვაც ენიჭება, ტურიზმი ხელს უწყობს ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, რაც არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისითაც. აღსანიშნავია ისიც, რომ ტურიზმის განვითარება არაჩვეულებრივად მიესადაგება ქართულ კულტურას, ქართულ ტრადიციებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სტუმართმასპინძლობა ქართველების კულტურისა და იდენტობის განუყოფელი ნაწილია. სტუმრის ღირსეული დახვედრა და გამასპინძლება ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებული სიამაყის საგანი იყო. გასული წლების განმავლობაში ტურიზმი საქართველოში ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. „კოვიდით“ განპირობებული შეფერხების შემდეგ, სწორი პოლიტიკის შედეგად, ტურიზმმა მალევე შეძლო აღდგენა და 2023 წელს საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. შარშან ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა ოთხ მილიარდ დოლარამდე შეადგინა, რითიც საქართველომ „კოვიდამდე“ არსებულ მაჩვენებელს 26%-ით გადააჭარბა. ტურიზმი ასაქმებს ადამიანებს და ზრდის მათ შემოსავლებს. 2012 წლიდან სასტუმროებისა და რესტორნების ბრუნვა ოთხჯერ გაიზარდა, 28 ათასამდე 48 ათასამდე გაიზარდა სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, სამჯერ გაიზარდა სექტორში დასაქმებული ადამიანების საშუალო ხელფასი“, – განაცხადა კობახიძემ.