ირაკლი კობახიძე - ეკლესია და საპატრიარქო საარჩევნო პროცესებიდან გამიჯნული უნდა იყოს, სწორედ ეს იყო პატრიარქის განცხადების პათოსი
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის დაპირისპირების თემა თითიდან გამოწოვილი გზავნილია.
ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი კობახიძე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეკლესია ნეიტრალური უნდა იყოს და პატრიარქის განცხადებაში ეს არის ასახული.
„ეკლესია და საპატრიარქო საარჩევნო პროცესებიდან არსებითად გამიჯნული უნდა იყოს. ამ განცხადების პათოსი სწორედ ეს იყო. პატრიარქს ამ განცხადებისთვის მადლობას ვუხდი. ეს არის ის პრინციპი, რომლითაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიხელმძღვანელოთ. ამ პრინციპიდან რამდენიმე მცირე გადახვევა იყო, თუმცა ეს საპატრიარქოსა და პატრიარქის სულისკვეთებას არ ცვლის. სასულიერო პირების მხრიდან რამდენიმე განცხადება მოვისმინეთ, რაც არჩევნებს უკავშირდებოდა და ალბათ, ეს სწორი არ არის. პატრიარქს რეაგირება ჰქონდა, რაც ყველას საერთო სულისკვეთებაა. იმ ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ, რაც ჩვენთვის საერთოა. ეკლესიისა და ხელისუფლების საზოგადოებრივი ინტერესები საერთოა, ეს არის საზოგადოების, სახელმწიფოს განვითარების და პოლიტიკური პროცესების სწორად და სამართლიანად განვითარების ინტერესები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ეკლესია სახელმწიფოს საქმეებში არ ერევა.
ეკლესია სახელმწიფოს საქმეებში არ ერევა. ეს თავად ეკლესიის პოზიციაა. უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რომლითაც ხელმძღვანელობს ეკლესია და ეს გამოიხატა პატრიარქის განცხადებაში, რომელიც ვიხილეთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, მისი თქმით, ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის დაპირისპირებაზე საუბარი თითიდან გამოწოვილი თემაა.
„რაც შეეხება „დაპირისპირებას“ ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის, ეს არის თითიდან გამოწოვილი გზავნილი და თქვენ იცით, ვინ ავრცელებს და ვინ ცდილობს ამ ატმოსფეროს ხელოვნურად შექმნას. ეს ის პოლიტიკური ძალებია, რომლებიც იცით, ეკლესიას როგორ უდგებოდნენ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ. ესენი ის პოლიტიკური ძალები არიან, ვისთვისაც ადამიანის ღირსების შელახვა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ეს ის პოლიტიკური ძალები არიან, რომლებიც ათწლეულზე მეტია ეკლესიას ებრძვიან, ეკლესიას და ადამიანის რელიგიურ გრძნობებს უპირისპირდებიან. ეს ის პოლიტიკური ძალები არიან, რომლებიც ეკლესიასთან დაპირისპირებული არიან“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებისთვის“ უმნიშვნელოვანესია იმ პრინციპების მოქმედება, რომელსაც ეკლესიის პატივისცემა ეფუძნება.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წინასაარჩევნოდ სასულიერო პირებს მიმართა და მოუწოდა, ჩრდილს ნუ მიაყენებენ მიაყენებენ ეკლესიასა და საკუთარ თავს.