ირაკლი კობახიძე - ეკა ბესელიას გადადგომის მიზეზზე საუბარი არ მსურს, ეს შიდა სამზარეულოა, თუმცა სამომავლოდ, ამაზე სრულად თუ ნაწილობრივ საუბარი მოგვიწევს
სასამართლოსთან დაკავშირებულ მსჯელობას ბუნებრივია, კავშირი ვერ ექნებოდა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ეკა ბესელიას გადადგომასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიასთან დაკავშირებით გუნდში იყო სხვადასხვა მოსაზრება, თუმცა ერთადერთი ადამიანი ვინც ამ მოტივით გადადგა, ეკა ბესელია იყო.
„ამ მოსაზრებებს გამოთქვამდა გუნდის არაერთი წევრი, მათ შორის უფრო მაღალი თანამდებობის პირები. ბუნებრივია თქვენ ხედავთ, რომ ერთდერთი ადამიანი, ვინც თანამდებობიდან გადადგა, იყო ეკა ბესელია.
სასამართლოსთან დაკავშირებულ მსჯელობას ბუნებრივია, კავშირი ვერ ექნებოდა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ეკა ბესელიას გადადგომასთან. გამომდინარე იქიდან, რომ იყო უამრავი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა იგივე პოზიცია, რაც ჰქონდა მაგალითად ეკა ბესელიას, ისინი თანამდებობებს ინარჩუნებენ. ეს არის ჩვენი გადმოსახედიდან ჯანსაღი პროცესი და გუნდის თითოეულ წევრს აქვს საშუალება, როგორი კრიტიკული, მკაცრი და განსხვავებულიც უნდა იყოს, თავის პოზიცია დააფიქსიროს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საუბრობდნენ, თითქოს, ეკა ბესელიას გადადგომა საჭირო იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესის შესაჩერებლად, თუმცა როგორც კობახიძე განმარტავს, ბესელიას გადადგომამდე ეს პროცესი უკვე შეჩერებული იყო.
„საუბარი იყო, რომ პროცესის შესაჩერებლად ეკა ბესელიას გადადგომა იყო საჭირო. იმ დროს, როცა ქალბატონმა ეკამ გადადგომის შესახებ განაცხადა, უკვე შეჩერებული იყო პროცესი. როგორ შეიძლებოდა, გადადგომა დაკავშირებული ყოფილიყო პროცესის შეჩერებასთან, როცა უკვე შეჩერებული იყო პროცესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, მაშინ რა გახდა ბესელიას თანამდებობიდან გადადგომის რეალური მიზეზი, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მიზეზებზე საუბარი არ სურს, რადგან ეს შიდა სამზარეულოა.
„მიზეზზე საუბარი არ მსურს, ეს არის შიდა სამზარეულო, თუმცა მესმის, რომ შეიძლება საზოგადოებას ჰქონდეს ინტერესი. არ ვიცი, მოგვიანებით შეგვიძლია გავიაროთ გუნდის შიგნით კონსულტაციები იგივე ქალბატონ ეკასთან და სხვებთან. სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა ამ ყველაფერს და ობიექტურ მიზეზთა გამო, დღეს არ მინდა ამის გაშლა. თუმცა საზოგადოებას აქვს ინტერესი, ეს ინტერესი უნდა იყოს დაკმაყოფილებული და სამომავლოდ, გუნდში კონსულტაციების შემდეგ, მოგვიწევს ამ მიზეზებზე სრულად თუ ნაწილობრივ საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ეკა ბესელიამ 27 დეკემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გაუმართლებელი პროცესი შეჩერდა.