ირაკლი კობახიძე - ე.წ. დემოკრატიის ფესტივალზე გამოფენილი იყო, მათ შორის, სააკაშვილის სურათები, ეს ნიშნავს, რომ იქ, რეალურად, ტარდება „ავტორიტარიზმის ფესტივალი“, რასაც აფინანსებენ უცხოელი დონორები
როგორც ვიცი, ამ ე.წ. დემოკრატიის ფესტივალზე გამოფენილი იყო, მათ შორის, სააკაშვილის სურათები. ეს ნიშნავს იმას, რომ იქ, რეალურად, ტარდება „ავტორიტარიზმის ფესტივალი“. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ „ავტორიტარიზმის ფესტივალს“ საქართველოში პირდაპირ აფინანსებენ უცხოელი დონორები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ეს ყველაფერი ძალიან ცუდია.
„ეს არის არასწორი ჩარევა საარჩევნო პროცესებში. სამწუხაროდ, არჩევნები წარიმართება საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევის ფონზე, თუმცა ეს დარღვევები რეალურად შედეგებზე ვერ აისახება. ქართული საზოგადოება კარგად ხედავს ყველაფერს. აქედან გამომდინარე, როგორი ჩარევაც არ უნდა განხორციელდეს, მათ შორის, გარე ჩარევა საარჩევნო პროცესებში, ეს რაიმე არსებით გავლენას არჩევნების შედეგებზე ვერ მოახდენს, მათ შორის, ვერც უცხოეთიდან დაფინანსებული „ავტორიტარიზმის ფესტივალები“ დააბრუნებს საქართველოში ავტორიტარიზმს“, – განაცხადა კობახიძემ.