ირაკლი კობახიძე - ე.წ. ბულინგის კამპანიას, სამწუხაროდ, აქვს პირდაპირი კოორდინაცია და მხარდაჭერა კონკრეტული მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რაც შემაშფოთებელია
არა მხოლოდ გრძელდება ე.წ. ბულინგის კამპანია, არამედ ამ კამპანიას, სამწუხაროდ, აქვს პირდაპირი კოორდინაცია და მხარდაჭერა კონკრეტული მედიასაშუალებებისა და კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რაც ძალიან შემაშფოთებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბერლინში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
კობახიძის თქმით, ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქვეყანაში პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის ხელოვნურად გაღრმავებისგან.
„სამწუხაროდ, კონკრეტულ ძალებს არ უნდათ სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დამშვიდდეს ვითარება, ეს არის ჩვენს ინტერესებში, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებში. ამისთვის გავაკეთებთ მაქსიმუმს. ასევე, მოვუწოდებთ ყველას, რომ თავადაც ყველაფერი გააკეთონ, რათა ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, ნუ ეცდებიან, ხელოვნურად პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის გაღრმავებას. ეს არის მათი პასუხისმგებლობაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.