ირაკლი კობახიძე - ძვლებში ადამიანების გადამტვრევა „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა, რაც შეეხება ჩანაწერებში დანაშაულის ნიშნებს, ეს ოპოზიციის სპეკულაციაა, თმის ღერი არავის ჩამოვარდნია
ჩვენ გვახსოვს ძვლებში გადამტვრეული ადამიანები იმ პოლიტიოსების მხრიდან, რომლებიც ვიღაცებს რაღაცებს აბრალებდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ძვლებში ადამიანების გადამტვრევა, ეს არის „ნაცმოძრაობის“ ხელწერა.
„გამოძიება დაიწყო უკანონო მოსმენასთან დაკავშირებით, ეს არის პირველი პრინციპული საკითხი და მეორე პრინციპული საკითხი არის ის, რომ თმის ღერი არავის ჩამოვარდანია. ჩვენ გვახსოვს ძვლებში გადამტვრეული ადამიანები იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც ვიღაცებს რაღაცებს აბრალებდნენ. ძვლებში ადამიანების გადამტვრევა, ეს არის „ნაცმოძრაობის“ ხელწერა. რაც შეეხება ამ ჩანაწერებს, რაზეც ჰქონდა საუბარი ოპოზიციას, თმის ღერი არავის ჩამოვარდნია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ჯერ გავრცელებულიც არ იყო ჩანაწერები, როდესაც დაიწყო უკვე ოპოზიციამ ლაპარაკი, რომ მათ აღარ სურდათ მოლაპარაკების გაგრძელება, ეს მათ სულისკვეთებაზე მეტყველებს.
„ისინი თუ მოწადინებული არიან, რომ გაგრძელდეს და დასრულდეს ეს დიალოგი წარმატებით, მაშინ ბუნებრივია, მათ ექნებოდათ განსხვავებული პოზიცია. როდესაც რამდენიმე წუთის წინ არის გასული ჩანაწერები, რომლის არც ავთენტურობა იცი, არც შინაარსი იცი და ასე შემდეგ, გამოდიხარ, დიალოგის ჩაშლაზე საუბრობ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ დიალოგის ჩაშლა მათთვის იყო თვითმიზანი, თუმცა ვერ მოახერხეს. დღეს ბუნებრივია, ოპოზიცია იქნება წარმოდგენილი ჩვენს პარტნიორებთან და მოგვიანებით, როდესაც გაგრძელდება დიალოგი, ისინი იქნებიან წარმოდგენილი მოლაპარაკების მაგიდასთან. მათ ჰქონდათ დიალოგის ჩაშლის სურვილი, თუმცა ეს ვერ მოახერხეს. თქვენ გახსოვთ ყოველ ჯერზე, როდესაც ვრცელდებოდა რაიმე ტიპის ფარული ჩანაწერები, ყველა, მათ შორის სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები და ასე შემდეგ, ითხოვდნენ გამოძიების დაწყებას ფარული ჩანაწერების კანონიერებასთან დაკავშირებით და ასეც ხდებოდა ეს. ახლაც მოხდა ზუსტად იგივე. რაც შეეხება დანაშაულის ნიშნებს, ეს არის ოპოზიციის სპეკულაცია, თმის ღერი არავის ჩამოვარდნია“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, 2012 წლამდე ჩამოყალიბებული იყო ტოტალური მოსმენის პრაქტიკა.
„ეს არ უნდა განვიხილოთ როგორც ერთი განყენებული მოვლენა. ჩვენ გვახსოვს, რომ იყო ტოტალური მოსმენის პრაქტიკა ჩამოყალიბებული 2012 წლამდე და კიდევ ერთხელ გაგვახსენეს თავად, თავისი ხელით, მათვე გაგვახსენეს, რა პრაქტიკა ჰქონდათ ჩამოყალიბებული 2012 წლამდე. არ ერიდებოდნენ არც კერძო პირთა მოსმენას, არც არასრულწლოვნების მოსმენას, უკანონო ჩანაწერები იყო მათი ხელწერა და კიდევ ერთხელ, საკუთარი დანაშაული გამოიტანეს დღის სინათლეზე“, – განაცხადა კობახიძემ.