ირაკლი კობახიძე - ძალიან შემაშფოთებელია, როდესაც უკრაინული მხარის გარკვეული წარმომადგენლები ცდილობენ, საქართველო აბსოლუტურად ხელოვნურად რუსეთის სამიზნედ აქციონ
უკრაინული მხარის გარკვეული წარმომადგენლები როდესაც ცდილობენ, საქართველო აბსოლუტურად ხელოვნურად რუსეთის სამიზნედ აქციონ, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ეს ძალიან შემაშფოთებელია და როდესაც ამას მხარს უჭერს, მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კონკრეტული ე.წ. ექსპერტი, რომელიც იმავდროულად არის „სირცხვილიას“, ანუ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი და ა.შ., რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია. ეს ადამიანები ვერ მალავენ საკუთარ ბოროტ ზრახვებს ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. მათ სურდათ მეორე ფრონტი, მათ სურთ საქართველოში მძიმე სცენარების განვითარება, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამის მორიგი გამოხატულებაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმინისტრობის კანდიდატის თქმით, ყველაფერს განმარტება სჭირდება.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ: როდესაც ვიღაც ცდილობს ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით, საქართველო აქციოს რუსეთის აგრესიის სამიზნედ, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა და არის შემაშფოთებელი. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რასაც, პრინციპში, ღიად ამბობენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომ მათ სურდათ და ალბათ დღესაც სურთ მეორე ფრონტი ჩვენს ქვეყანაში. ასეთი ფაქტები, რაც ვიხილეთ, რაც გამჟღავნდა სუს-ის მხრიდან, არის ამ ყველაფრის მორიგი დადასტურება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 თებერვალს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოიღო რამდენიმე ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელთა გადაადგილებასაც ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე ანდრეი შარაშიძე“.
სუს-ის განცხადებით, „საქმის დეტალები იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება, საქართველოს მოქალაქეების მრავლად ჩართვა ემსახურებოდა იმ მოსაზრების შექმნას, რომ ტერორისტული აქტები საქართველოს დაბრალებოდა“.