ირაკლი კობახიძე - ძალიან მნიშვნელოვანია, გაიზარდოს ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობა გაიზარდოს.
როგორც კობახიძემ კონფერენციაზე „2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და მომდევნო ნაბიჯები“ განაცხადა, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია.
„ხაზს გავუსვამ ქალბატონების მონაწილეობის მნიშვნელობას პოლიტიკურ პროცესებში. ძალიან მნიშვნელოვანია შეიქმნას მექანიზმები, რომ გაიზარდოს ეს როლი და ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში. ამ მიმართულებით უკვე გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები. გასული წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა და ასევე, მნიშვნელოვნია გენდერული კვოტირება, რომლის თაობაზეც პარლამენტში კანონპროექტი ინიცირებულია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი განმარტებით, კანონპროექტი შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის 50%-იანი კვოტირების დაწესებას ითვალისწინებს.
„ანუ საუბარია იმაზე, რომ ყოველი მეორე უნდა იყოს განსხვავებული სქესის პროპორციულ საარჩევნო სიაში, ხოლო შემდგომი არჩევნებისთვის, როცა ჩვენ უკვე გადავალთ სრულად პროპორციულ სისტემაზე, ყოველი მესამე უნდა იყოს განსხვავებული სქესის“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში და საარჩევნო პროცესებში ქალთა მონაწილეობის გაზრდას უზრუნველყოფს.
ცვლილება პარლამენტის მომდევნო პლენარულ სხდომაზე განიხილება. მან იმედი გამოთქვა, რომ დეპუტატები კანონპროექტს მხარს დაუჭერენ.